ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე დგას. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად, "გადაჭრით საპასუხო ზომებს" მიმართავს, თუკი რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია" - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ, მათი საუბრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ლიდერებმა გამოხატეს დიპლომატიური მცდელობის მხარდაჭერა, სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე დიალოგის გამართვის გზით, რომელიც მომავალ კვირაში იგეგმება" - თქვა ფსაკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის აფასებს შეერთებული შტატების "ურყევ" მხარდაჭერას. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ბაიდენთან ისაუბრა რეფორმების საჭიროებასა და ოლიგარქთა გავლენის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მათ ასევე განიხილეს კიევის თანამშრომლობა ვაშინგტონთან და სხვა პარტნიორებთან, "ევროპაში მშვიდობის შენარჩუნების და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით".
მომავალ კვირაში, 9 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, მხარეებს შორის, ორმხრივად და ასევე ნატოსა და ეუთოს ფარგლებში შეხვედრები იგეგმება, რომელიც უკრაინის კონფლიქტსა და სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას შეეხება.
ბოლო სამ კვირაში ეს ბაიდენს და ზელენსკის შორის გამართული მეორე სატელეფონო საუბარია, რომელიც უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის ფონზე შედგა. შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის არმიის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია, შესაძლოა 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში შეჭრის სამზადისზე მიუთითებდეს. აღნიშნულზე შეშფოთებას გამოხატავს კიევიც.
მოსკოვი, სამხედრო მობილიზაციის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებიდან ითხოვს უარი განაცხადონ ნატოს გაფართოების გეგმებზე და მისცენ გარანტიები რუსეთს, რომ საქართველო და უკრაინა არ გახდებიან ალიანსის წევრები. პასუხად ვაშინგტოსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ ალიანსი რჩება ერთგული ღია კარის პოლიტიკისა.
დაძაბულობის ზრდასთან ერთად, შეშფოთებას გამოხატავენ ამერიკის კონგრესშიც. კონგრესმენი ადამ შიფი, დემოკრატი კანონმდებელი კალიფორნიის შტატიდან აცხადებს, რომ კრემლის შესაჩერებლად "სხვა არაფერი გაჭრის, ისეთი დონის სანქციების გარდა, რომლის მსგავსი რუსეთს არასდროს უნახავს". შიფი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა. 2 იანვარს ტელეკომპანია "სი-ბი-ესთან" საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს მხოლოდ მკაფიო გზავნილი თუ შეაკავებს: "თუკი ისინი [უკრაინაში] შეიჭრებიან, ეს რუსეთს [ნატოს] კი არ დააცილებს, არამედ მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს".
ასევე ნახეთ: ბაიდენსა და პუტინს შორის "სერიოზული საუბარი" სამომავლო მოლაპარაკების იმედს აჩენსრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სანქციების მუქარა ურთიერთობებს აუარესებს.
30 დეკემბერს, ბაიდენს და პუტინს შორის 50-წუთიანი საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც "პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დიალოგით არსებითი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის გარემოში და არა ესკალაციით", - თქვა საუბრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
კრემლის წარმომადგენელი იური უშაკოვი აცხადებს, რომ ორი პრეზიდენტის საუბარი იყო კარგი მოსამზადებელი დიალოგი მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც მომავალ კვირაში იგეგმება.
9-10 იანვარს უსაფრთხოების საკითხებზე ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შედარებით დაბალი რანგის შეხვედრებია დაგეგმილი. ამის შემდეგ კი, 12 იანვარს რუსეთ-ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა შედგება. მოგვიანებით მოლაპარაკებები გაიმართება ეუთოს ეგიდით და 13 იანვარს დაგეგმილ ფართო კონფერენციაში მონაწილეობას მოსკოვის, ვაშინგტონისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ.
ასევე ნახეთ: კრემლი ღიად ითხოვს, ნატომ უარი უთხრას საქართველოს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაზე