დღეს, 20 ნოემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 81 წლის გახდა. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როცა ამ ასაკის ადამიანი ამერიკის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. ამავე დროს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაიდენის ხანდაზმულობას, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას ისევ გეგმავს.
ბაიდენი ძირითადად იუმორით უდგება მათ, ვინც წუხს იმაზე, რომ ის თეთრი სახლის მართვის სირთულეებისთვის ძალზე ასაკოვანია. "ვიცი, რომ 198 წლის ვარ", - იხუმრა ბაიდენმა რამდენიმე თვის წინ. ის ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ მისი ასაკი და საჯარო სამსახურში ყოფნის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება, ამერიკის პრობლემებთან გამკლავებაში მხოლოდ მის უპირატესობაზე მეტყველებს.
ასევე ნახეთ: ბაიდენის ასაკი დიდ გავლენას ახდენს საპრეზიდენტო კამპანიაზე და ვიცე-პრეზიდენტის შერჩევის პროცესზეხელახლა არჩევის შემთხვევაში, ბაიდენი მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე, 86 წლის შესრულდება. რონალდ რეიგანმა, რომელსაც მანამდე ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტის რეკორდი ჰქონდა დამყარებული, თავისი მეორე ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადა 77 წლის ასაკში დაასრულა.
ბაიდენზე სულ რამდენიმე წლით უმცროსია დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატი. ბაიდენის სავარაუდო მთავარი ოპონენტი 77 წლისაა და არჩევის შემთხვევაში, მეორე ვადას 82 წლის ასაკში დაასრულებს, ანუ ბაიდენის ახლანდელ ასაკზე მეტის იქნება.
შეერთებულ შტატებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს მოსახლეობაში ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" და კვლევითი ორგანიზაცია "იფსოსის" ერთობლივი გამოკითხვით, რომელიც სექტემბერში დასრულდა, ამერიკელები წუხან იმაზე, თუ რამდენად შეეძლება ბაიდენს სახელმწიფოს მართვა.
გამოკითხულ ამერიკელთა 77%, რომელთა შორის 65% თავს დემოკრატად აცხადებს, ამბობს, რომ ის პრეზიდენტობისთვის ძალზე ხანდაზმულია. "როიტერ-იფსოსის" კვლევით, გამოკითხულთა მარტო 39% ამბობს, რომ ბაიდენს გონება უჭრის და ქვეყნის გაძღოლა შეუძლია.
Your browser doesn’t support HTML5