პარასკევს, 23 ივნისს, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შექმნილია კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობის დაცვისა და გაფართოების მიზნით. მას შემდეგ, რაც გასულ წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააუქმა აბორტის კონსტიტუციური უფლება, ქვეყანაში გაჩნდა შიში, რომ მსგავსი შეზღუდვა, შესაძლოა კონტრაცეპტივებსაც შეეხოს.
ასევე ნახეთ: ამერიკაში აბორტის ტაბლეტების გაყიდვა აფთიაქებში დაუშვესბაიდენის უფროსმა მრჩეველმა ჯენ კლეინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცვლილება გაზრდის ქალებისთვის კონტრაცეფციაზე წვდომის გზებს და შეამცირებს მათ ხარჯებს. კლეინი ამბობს, რომ ახალი ბრძანების მიხედვით, კერძო სადაზღვეო კომპანიები ვალდებული იქნებიან მეტი კონტრაცეპტივის ვარიანტი შესთავაზონ კლიენეტებს.
ბაიდენის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამერიკის მასშტაბით ათასობით რეპროდუქციული უფლებების ადვოკატმა განაცხადა, რომ მილიონობით ქალს არ აქვს მარტივი წვდომა კონტრაცეპტივზე.
ერთი წლის წინ, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აბორტის უფლება ქვეყნის მასშტაბით და შტატებს მიანიჭა ავტონომია, თავად გადაწყვიტონ, იქნება თუ არა ლეგალური აბორტის გაკეთება მათთან. ამან ქალთა უფლებების დამცველების პროტესტი გამოიწვია. ამავე გადაწყვეტილების გამო, კონტრაცეპტივები და მათზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახდა ამერიკაში.