პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს მიჩიგანში „ფორდ მოტორის“ ელექტრო მანქანების ქარხანას ეწვევა და საკუთარ გეგმას წარადგენს, რომელიც 174 მილიარდი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს ელექტრო მანქანების ბატარეების წარმოებაზე.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი მხარს არ დაუჭერს მაღალფასიანი ელექტრო მანქანების გასაყიდად მომხმარებლის წახალისების პოლიტიკას. ადმინისტრაცია ამას იმით ხსნის, რომ ავტომობილების მწარმოებლებმა ელექტრო ბატარეების წარმოებასა და დახვეწაზე უნდა იმუშაონ და არა მხოლოდ ძვირადღირებულ ელექტრო მოდელებზე. ბაიდენის სიტყვით გამოსვლა „ფორდის“ ცნობილი მოდელის, მცირე ზომის სატვირთოს (პიკაპი) F-150-ის ელექტრო ვერსიის EV F-150-ის პრეზენტაციაზე არის დაგეგმილი.
ბაიდენის გეგმის თანახმად, ფედერალური მთავრობა გასცემს დანახარჯების გაზიარების გრანტებს იმ ბიზნესების დასახმარებლად, რომლებიც მაღალი გამტარობის ბატარეების წარმოებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ამავე გეგმის თანახმად, ადმინისტრაცია დახმარებას გამოჰყოფს დაკეტილი ქარხნების გასახსნელად, სადაც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის და ნაწილების წარმოება განახლდება.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: აშშ მსოფლიოსთვის ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაიღებსთეთრი სახლის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, მწარმოებლები თითოეულ გაყიდულ ელექტრო ავტომობილზე საგადასახადო შეღავათს მიიღებენ. თუმცა, ეს შეღავათი მაღალფასიან ელექტრო ავტომობილებს არ შეეხება.
დღეისათვის არსებული საგადასახადო შეღავათი, რომელსაც მწარმოებელი თითოეულ მანქანაზე იღებს 7,500 დოლარია და მის მიღებას კომპანიას მას შემდეგ წყვეტს, რაც 200,000 ელექტრო ავტომობილს გაყიდის. „თესლამ“ და „ჯენერალ მოტორსმა“ ამ ზღვარს უკვე გადააჭარბეს და ამ საგადასახადო შეღავათს აღარ იღებენ.
ბაიდენის ელექტრო ავტომობილების წარმოების გაზრდის გეგმა მიზნად ისახავს ამ სფეროში ამერიკის ლიდერობის ხელშეწყობას. ამ ეტაპზე ელექტრო ავტომობილების წარმოების მხრივ ჩინეთს შეერთებულ შტატებზე უკეთესი მონაცემები აქვს.