აშშ-ის პრეზიდენტი ერისადმი მეორე მიმართვისთვის ემზადება. ეს მისი ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის კრიტიკული შუა ნიშანსვეტია. ბევრ ამერიკელს მიაჩნია რომ ამ დრომდე მან ბევრს ვერაფერს მიაღწია, თუმცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის თავისი ნამუშევარი დაიცვას და ერთ-ერთ მიღწევად წარმოაჩინოს.
ბაიდენი ხშირად ახსენებს რომ თეთრ სახლში მისი ყოფნის დროს, მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მიიღეს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველი კანონები, დაფინანსდა ქვეყნის გზების და ხიდების აღდგენის პროექტები და მისი ლიდერობით, დასავლური კოალიცია უკრაინაში რუსეთის ომს ებრძვის.
თუმცა „ვაშინგტონ პოსტ - ეი ბი სი ახალი ამბების“ ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 62% ფიქრობს რომ მან „ბევრს ვერაფერს“ ან „თითქმის ვერაფერს“ მიაღწია.
როგორც ჩანს, ბაიდენი 2024 წელს ხელმეორე საარჩევნო კამპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება და ერისადმი მიმართვა მას აძლევს პლატფორმას, რათა ელაპარაკოს პოლიტიკურად დაყოფილ კონგრესს, სადაც რესპუბლიკელი ოპონენტები ახლა წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, მიუხედავად იმისა რომ სენატში მცირე უპირატესობა დემოკრატებს აქვთ და ამერიკელ ამომრჩეველთა უმეტესობა კი ბაიდენის მუშაობას უარყოფითად აფასებს.
ასევე ნახეთ: ბაიდენის ერისადმი მიმართვის მთავარი აქცენტებითეთრი სახლის პრეს-მდივნის თანახმად, პრეზიდენტი, მრჩევლებთან ერთად, თავისი სიტყვის ტექსტს ორშაბათს ჯერ კიდევ წერდა და ამოწმებდა. თეთრმა სახლმა თქვა რომ ბოლო წუთებში შეტანილი შესწორებების მიუხედავად, ბაიდენი აუცილებლად დაუთმობს დროს იმას, რაც ამერიკელებისთვის ყოველთვის მთავარი საზრუნავია - მათ საფულეებს.
„ვაშინგტონ პოსტ -ეი ბი სი ახალი ამბების“ ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 41 პროცენტმა თქვა რომ ფინანსურად უარეს მდგომარეობაშია იმ დროსთან შედარებით, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, 42 პროცენტმა კი თქვა რომ ფინანსურად იგივე მდგომარეობაშია.
ასევე მოსალოდნელია რომ ბაიდენი ეროვნული ვალის ზედა ზღვრის გასაზრდელად საკუთარ არგუმენტს წარმოადგენს. შეერთებულმა შტატებმა ვალის ზღვარს, 31.4 ტრილიონ დოლარს იანვარში მიაღწია.
ბაიდენი საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრებს და სავარაუდოდ ყურადღებას შეერთებული შტატების უდიდეს კონკურენტ - ჩინეთზე გაამახვილებს. ასევე აღნიშნავს მსოფლიო არენაზე აშშ-ის ლიდერობის მნიშვნელობას. ექსპერტების აზრით, ბაიდენს ექნება შანსი განსაზღვროს ტონი იმ თემაზე, თუ აშშ და ნატოელი პარტნიორები როგორ არიან მზად, უკრაინისადმი მხარდაჭერა გააგრძელონ.
ცნობილი არ არის, პრეზიდენტი ისაუბრებს თუ არა ჩამოგდებული ჩინური საჯაშუშო აეროსტატის შესახებ, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში მთელ ქვეყანას, მათ შორის საკვანძო სამხედრო ობიექტებს გადაუფრინა.
სავარაუდოდ პრეზიდენტი შეეხება იარაღის, იმიგრაციის, ჯანდაცვის, პოლიციის რეფორმის და სხვა საკითხებს.
ბაიდენმა არაერთხელ თქვა რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 80 წლის ჯო ბაიდენს თავისი კანდიდატურა ფორმალურად არ გამოუცხადებია. ექსპერტები ამბობენ რომ დემოკრატი, რესპუბლიკელი და დამოუკიდებელი ამომრჩევლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის ამ თანამდებობისთვის უკვე ზედმეტად ხანდაზმულია და უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ბაიდენმა თავისი სიტყვა ძლიერად და დამაჯერებლად წარმოადგინოს, რათა ასეთი შეხედულება გააქარწყლოს.
პრეზიდენტის ერისადმი მიმართვა ვაშინგტონის დროით 21 საათზე გაჟღერდება.