შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტის რანგში, ეს ასამბლეაზე მისი ბოლო გამოსვლა იქნება.
მოელიან, რომ სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ისაუბრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის ომზე უკრაინასა და ღაზის სექტორში. ეს იქნება ბაიდენისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რათა მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე, მოუწოდოს სახელმწიფოებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას.
ასევე ნახეთ: პრემიერმა კობახიძემ გაეროს მომავლის სამიტს სიტყვით მიმართაევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი ვაშინგტონისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია და ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაპირისპირება. ორივე კონფლიქტი დიდი ალბათობით, ამერიკის შემდეგი პრეზიდენტისთვისაც გამოწვევად დარჩება, რადგან ბაიდენი მას მომდევნო პრეზიდენტს "მემკვიდრეობით" გადასცემს. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტი ასამბლეაზე "გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად", ამ ორი დიდი პრობლემის გადაჭრის საკუთარ ხედვას წარმოადგენს.
ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოგვიანებით, 26 სექტემბერს შეხვდება და მისგან პირადად მოისმენს კიევის ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ის წინა გეგმების მსგავსი იქნება, რომლებიც უკრაინის თავდაცვისთვის მეტი შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პრეზიდენტს "გამარჯვების გეგმას" წარუდგენს და მისი წარმატება მოკავშირეების, განსაკუთრებით კი სწორედ ამერიკის სწრაფ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დილის სესიაზე, პრეზიდენტი ბაიდენი ტრადიციისამებრ, ბრაზილიის წარმომადგენლის შემდეგ გამოვა. სავარაუდოდ, ის ასევე ისაუბრებს სუდანში 17-თვიანი სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების აუცილებლობაზეც.