ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ორშაბათს, კორონავიურსზე პირდაპირ ეთერში აიცრა. არჩეული პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ამერიკელების დამშვიდებას და იმაში დარწმუნებას ემსახურებოდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.
"მზად ვარ", ეს სიტყვები თქვა ბაიდენმა მანამდე, ვიდრე მას "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივ ვაქცინას გაუკეთებდნენ. ბაიდენმა ვაქცინა ნიუარკში, დელავერის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიღო.
"ამას იმის დემონსტრაციისთვის ვაკეთებ, რომ ხალხი მოემზადოს და როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, ის გაიკეთოს. არაფერია სანერვიულო", თქვა ბაიდენმა. ვაქცინა გაიკეთა ჯილ ბაიდენმაც. მას წამლის დოზა რამდენიმე საათით ადრე, იმავე საავადმყოფოში გაუკეთეს.
ასევე ნახეთ: ჯანმო: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელიაბოლო ორი თვის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვეთრად გაუარესდა კორნავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია. ორშაბათს, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 18 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსის დიაგნოზით კი ქვეყანაში 319,000 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯონს ჰოკპინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ბაიდენის გარდა, საჯაროდ აცრა გაიკეთეს მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და მისმა მეუღლემ. ასევე აიცრნენ ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკონელი.
ჯერ უცნობია როდის გაიკეთებს აცრას მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მას და პირველ ლედის უკვე ჰქონდათ კორონავირუსი.
ამ დროისთვის, ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის ორმა მწარმოებელმა მიიღო საგანგებო ავტორიზაცია. "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა, ასევე "მოდერნას" ვაქცინა, ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებისთვის, ასევე მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებთა და რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. ვაქცინები მოსახლეობისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულიდან იქნება.