ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა, ამერიკის ქალთა ფეხბურთის გუნდის წევრებთან ერთად თანაბარი ანაზღაურების დღე აღნიშნეს.
"ჩემი ადმინისტრაცია იბრძოლებს თანაბარი ანაზღაურებისთვის",- თქვა ბაიდენმა. "ეს სამართლიანობის, თანასწორობის, ჩვენი ღირებულებების საქმეა. ეს ისაა, რაც ჩვენ ვართ, როგორც ერი. თანაბარი ანაზღაურება ყველას გვაძლიერებს",- დაამატა პრეზიდენტმა.
თანაბარი ანაზღაურების დღე, ამერიკაში ყოველთვის სხვადასხვა დროს აღინიშნება იმის მიხედვით, რამდენი დღე უნდა იმუშაოს ამერიკელმა ქალმა იმისთვის, რომ გამოიმუშაოს იმდენივე, რამდენიც ამერიკელმა მამაკაცმა გასულ წელს.
ასევე ნახეთ: კოლორადოში სროლის შემდეგ, ბაიდენი საიერიშო იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდებს"ქალთა ეროვნული სამართლის ცენტრის" მონაცემებით, ამერიკელი ქალები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ, საშუალოდ 82 ცენტს გამოიმუშავებენ, როდესაც იგივე სამუშაოში კაცებს ერთ დოლარს უხდიან. ანაზღაურებაში განსხვავება გაცილებით მეტია შავკანიანი ქალებისთვის, რომლებიც კაცის მიერ გამომუშავებული დოლარის საპირწონედ, დაახლოებით 63 ცენტს შოულობენ. ლათინოსი ქალებისთვის, კი ეს მაჩვენებელი 55 ცენტია.
იგივე ცენტრის მონაცემებით, გენდერული სახელფასო უფსკრული არსებობს პროფესიების 94% -ში.
სესილია როუზმა, თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ზომებს იღებს გენდერული ანაზღაურების უთანასწორობის შემცირებისთვის.
”ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ქალიშვილებს იგივე შესაძლებლობები ჰქონდეთ, რაც ჩვენს ვაჟებს”, - თქვა როუზმა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.