წარმოშობით ირლანდიელი ჯო ბაიდენი ირლანდიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს, 13 აპრილს, დუბლინში პარლამენტს მიმართავს და შემდეგ საზეიმო წვეულებას დაესწრება.
დუბლინში დაგეგმილ რამდენიმე შეხვედრას ბაიდენთან ერთად ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც დაესწრება. ის ირლანდიაში მცირე ხნით შეყოვნდება, ვიდრე ვიეტნამში და იაპონიაში გაემგზავრება.
"არაჩვეულებრივი გრძნობაა, თითქოს შინ ჩამოვედი" - უთხრა ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც კარლინგფორდის სასახლე დაათვალიერა. ამ ადგილიდან მოდის მისი ირლანდიელი წინაპრების ერთ-ერთი შტო.
ასევე ნახეთ: ბაიდენი კანადაში მიემგზავრებაბაიდენი ირლანდიაში ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ის ჯონ კენედის, რონალდ რეიგანის და ბილ კლინტონის შემდეგ, ამერიკის რიგით მე-4 პრეზიდენტია, რომელიც ირლანდიის პარლამენტის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს.
საზეიმო წვეულება საღამოს, დუბლინის სასახლეში მდებარე, წმინდა პატრიკის დარბაზში გაიმართება. მსგავსი პატივით ირლანდიელები ადრე დედოფალ ელისაბედ მეორეს და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯონ კენედის შეხვდნენ.
ოთხშაბათს, ბაიდენი ბელფასტში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა მოლაპარაკება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. მოგვიანებით ის ესტუმრა დიდი ბაბუის, ოუვენ ფინეგანის მშობლიურ ქალაქ ლოუთს, რომელიც დუბლინს და ბელფასტს შორის მდებარეობს. ოუვენ ფინეგანი მეწაღე იყო, რომელიც 1849 წელს ემიგრაციაში შეერთებულ შტატებში წავიდა. პარასკევს ბაიდენი ოჯახის მეორე მხრიდან ნათესავებს მოინახულებს, ედვარდ ბლუიტის შთამომავლებს, რომლებიც ირლანდიის დასავლეთით მდებარე ქალაქ მეიოში ცხოვრობენ.
Your browser doesn’t support HTML5