პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, გასულ კვირაში ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად დაღუპული ცამეტი ამერიკელი სამხედროს ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
იმ აფეთქების დროს, სულ მცირე 170 ავღნელი დაიღუპა.
ცამეტი ამერიკელი სამხედროს ასაკი 20-დან 31 წლამდე იყო. ხუთი მათგანი სულ ოცი წლის იყო. ჯარისკაცების ოჯახები პრეზიდენტს დელავერში, დოვერის ავიაბაზაზე შეხვდნენ, სადაც სამხედრო უწყების მიერ, უცხოეთში ბრძოლაში დაღუპულთა ცხედრების პატივით გადმოსვენების რიტუალი ჩატარდა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე: "ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, ჩვენ გიპოვნით და გაზღვევინებთ!”
თეთრის სახლის მიერ ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო: “პრეზიდენტი და პირველი ლედი შეხვდებიან იმ დაღუპული ამერიკელი სამხედროების ოჯახებს, რომლებმაც ამერიკელების, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ავღანელი მოკავშირეების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.
გასულ კვირაში სისხლიანი თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც აეროპორტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ავღანეთის დატოვებას ცდილობდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ავღანურმა ფილიალმა იკისრა.