კონგრესის შუალედური არჩევნების წინ ჯო ბაიდენი პენსილვანიაში ვიზიტისთვის ემზადება. ამერიკის პრეზიდენტი ქალაქ უილკს-ბარში ჩავა, სადაც ის საზოგადოებას იარაღით ძალადობის წინააღმდეგ თავის გეგმებს გააცნობს. გეგმის ნაწილი ცნობილია და მომდევნო ფისკალური წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია, თუმცა მას კანონმდებლების მხარდაჭერა სჭირდება.
ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან 37 მილიარდ ამერიკულ დოლარს, დანაშაულის პრევენციისთვის საჭირო პროგრამებისთვის ითხოვს, ხოლო 13 მილიარდ დოლარს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 100 000 პოლიციელის დაქირავებისა და გადამზადებისთვის.
ბაიდენი და მისი გუნდი ამ ნაბიჯების მიზნად დანაშაულთან ბრძოლას ასახელებენ. თუმცა პარალელურად, ბევრი რესპუბლიკელი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დემოკრატებს არ სურთ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში დანაშაულის მზარდ მაჩვენებლებთან ბრძოლა.
ასევე ნახეთ: გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც მოსამართლეს ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერის მისაღებად წარუდგინესდემოკრატთა ნაწილი ამერიკის სხვადასხვა შტატში მართლაც ეწინააღმდეგება პოლიციისთვის დაფინანსების გაზრდას და პირიქით, მის შემცირებას ემხრობა. ეს მოთხოვნები კიდევ უფრო გაძლიერდა და გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2020 წელს პოლიციელის მიერ დაკავების პროცესში შავკანიანი მამაკაცი, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.
პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებისთვის ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას მხარი არასდროს დაუჭერია. ახლა ბაიდენის მიზანია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს დანაშაულთან ბრძოლის მხრივ. დრო ცოტაა, რადგან ადგილობრივი არჩევნები ნოემბერში გაიმართება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატი სწორედ პენსილვანია იქნება, ისევე როგორც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ადგილობრივ არჩევნებზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა დემოკრატები შეინარჩუნონ უმრავლესობა ამერიკის სენატში. დემოკრატი კანდიდატების ნაწილი შიშობს, რომ საზოგადოებაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაბალი რეიტინგი მათ კამპანიაზეც ცუდ გავლენას იქონიებს. სწორედ ამიტომ პენსილვანიაში დემოკრატიული პარტიის სენატორობის კანდიდატი ჯონ ფეტერმანი, არ გეგმავს დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ბაიდენტან ერთად მივიდეს. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ის შეხვედრას არც დაესწრება.