ამერიკა უკრაინას დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. თავდაცვის დეპარტამენტის თქმით, უკრაინა 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიღებს. დახმარების ამ პაკეტის მიზანი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

პენტაგონის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საბრძოლო მასალას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობის გადაცემას, დასავლური საჰაერო თავდაცვის გამშვებები სადგურების, რაკეტების და რადარების მათთან ინტეგრირებისთვის, საბრძოლო მასალას დრონების საწინააღმდეგოდ, 155 მმ საარტილერიო ჭურვებს, კომერციულ სატელიტურ მომსახურებას და პერსონალის გადამზადების და გაწვრთნის მხარდაჭერას.

პაკეტი "ხაზს უსვამს ამერიკის ერთგულებას უკრაინისთვის კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართ, რაც გამოიხატება გადაუდებელი მოთხოვნების შესრულებით, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემების და შეიარაღების მიწოდება. ამის გარდა, [ეს გამოიხატება] უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ გრძელვადიანად შეძლონ საკუთარი ტერიტორიის დაცვა რუსეთის აგრესიისგან",- წერია თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ფონ დერ ლაიენი კიევში: უკრაინა ევროპულ ღირებულებებს იცავს

ამერიკამ უკრაინას ამ დრომდე 35,1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა, რაც შეიარაღებას და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს.

სამხედრო დახმარების გარდა, ამერიკა უკრაინას, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ეკონომიკურ დახმარებასაც უწევს. Პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18 მილიარდი დოლარი გამოუყო, არსებულ ფინანსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მიმდინარე ფისკალურ წელს, კიევი დამატებით 4,7 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის პარალელურად, შეერთებული შტატები, მსოფლიოს მასშტაბით, მის პარტნიორებთან მუშაობს, უკრაინისთვის დახმარების მოსაძიებლად.