ბელარუსში აქციაზე პენსიონერები დააკავეს

ბელარუსი აქტივისტების ინფორმაციით, 30 ნოემბერს გამართულ დემონსტრაციაზე უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, 30 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა პენსიონერების აქცია დაარბიეს. ბელარუსი პენსიონერები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.

ერთი დღით ადრე, პოლიციამ განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მინსკში მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციის დასაშლელად და დააკავა ასობით მომიტინგე.

ასევე ნახეთ: ლუკაშენკო ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ გადადგება 

30 ნოემბერს მინსკში 1000-ზე მეტი პენსიონერი შეიკრიბა. დემონსტრაცია "სიბრძნის მსვლელობის" სახელით ჩატარდა. აქციის მონაწილეები მცირე ჯგუფებად განაწილდნენ და მინსკში სხვადასხვა მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, რათა სამართალდამცავებისთვის მათი დაშლა გაერთულებინათ.

ბელარუსის ოპოზიცია ლუკაშენკას გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა სარჩელით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის გამო.

საქმის აღძვრის შესახებ პეტიციას ხელს 6 უფლებადამცველი ორგანიზაცია აწერს. ისინი სარჩელში მიუთითებენ ძალადობის 6 შემთხვევაზე, რაც სოციალურ ქსელებზე და თვითმხილველი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მასალით დასტურდება.

აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს ქონდა ადგილი წინა დემონსტრაციებზეც. 29 ნოემბრის აქციაზე, სახელწოდებით „მეზობლების მარში,“ ბელარუსის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიანი აქციის დაახლოებით 400 მონაწილე დააკავა.

ასევე ნახეთ: ბელარუსში აქციები არ წყდება - რუსეთი ლუკაშენკოს საკონსტიტუციო რეფორმებისკენ მოუწოდებს


საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ძალის გამოყენების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ბელარუსში აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მეექვსე ვადა მოიპოვა. არჩევნების შედეგს არც შეერთებული შტატებიდა არც ევროკავშირი არ აღიარებენ. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.