ბარსელონაში გაცილებით დიდი თავდასხმა იგეგმებოდა

ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილები

ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დღეს ესპანეთის სასამართლოს უთხრა, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ბარსელონაში გაცილებით მასშტაბურ იერიშს გეგმავდა. მოჰამედ ჰული ჩემლალის თქმით, თავდასხმის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებაც იყო გათვალისწინებული.

ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. მუჰამედ ჰული ჩემლალი ფურგონით ბარსელონაში ჩადენილ ტერორისტულ აქტამდე ერთი დღით ადრე, ბარსელონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ალკანარში, სახლში მომხდარი აფეთქების შემდეგ დააკავეს.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, იერიშის უკან 12-კაციანი ტერორისტული ქსელი იდგა. მათგან 8 ან პოლიციამ მოკლა, ან აფეთქებაშია დაღუპული. სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ ფურგონის მძღოლი მოკლულთა შორისაა. დაპატიმრებულია 4 ეჭვმიტანილი.