თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - "ბალტიის გზის" 32 წლისთავი

ორ მილიონამდე მოქალაქის უწყვეტი ჯაჭვი და თავისუფლების ურყევი სურვილი - ბალტიისპირეთის ქვეყნები და მსოფლიო 32 წლის წინ გამართულ იმ მშვიდობიან პოლიტიკურ დემონსტრაციას იხსენებენ, რომელმაც ტალინი, ვილნიუსი და რიგა დააკავშირა, მსოფლიოს კი კიდევ ერთხელ მტკიცედ უთხრა, რომ ბალტიისპირეთის მოქალაქეების არჩევანი დამოუკიდებლობა იყო.

ორ მილიონამდე ხელჩაკიდებული მოქალაქის უწყვეტი ჯაჭვი ისტორიაში "ბალტიის გზის" სახელით შევიდა. 675 კმ-იანი ჯაჭვი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიჭიმა, ვილნიუსიდან რიგის გავლით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინამდე. მასშტაბური საპროტესტო აქცია ე.წ. მოლოსტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ამ პაქტის თანახმად, საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ევროპა "გავლენის სფეროებად" დაჰყვეს. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოქცეული ბალტიის სამი პატარა სახელმწიფოს მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი იყო. ათობით ათასი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს ან გადაასახლეს.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს გამოხატული და ხანგრძლივი ერთობის დამსახურებაა ბალტიისპირეთის ქვეყნების ევრო-ატლანტიკური აწმყო და მომავალი.

"32 წლის წინ, ამ დღეს, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებმა ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს „ბალტიის გზის“, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. სწორედ ასევე, ხელიხელჩაკიდებულნი ბალტიისპირეთის ქვეყნები შევიდნენ ევროკავშირსა და ნატოში. ბალტიისპირეთის ძლიერება მის ერთიანობაშია. ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, როდესაც გაერთიანებულნი ვართ", - დაწერა პრეზიდენტმა "ტვიტერზე".

სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც თქვა, რომ ამ დღეს კომუნიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა გლოვასთან ერთად, „კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ არც ერთი დიქტატორი არ გამოიკვებება მდუმარებით, გაუბედაუბით, დათმობით... 32 წლის წინ 2 მილიონი ადამიანის ჯაჭვმა აჩვენა თავისუფლების მოთხოვნა და დღეს ჩვენი ნება, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ისეთივე ძლიერია, როგორც - ყოველთვის".

ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ წარსულის გახსენება და მსხვერპლთათვის პატივის მიგება პირველ ყოვლისა აწმყოში შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯებითაა საჭირო. ის საბჭოთა ოკუპაცი

„კომუნიზმის მსხვერპლთა და ნაციზმის გახსენების ამ დღეს ჩვენ ვგმობთ დეპორტაციებსა და მასობრივ მკვლელობებს, ფაშიზმსა და სტალინიზმს. მაგრამ დაგმობა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც დღეს კრემლში სტალინს აღმერთებს, ამართლებს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს და მეზობლების ანექსიას ახდენს“, - წერს ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“.

ამერიკაში „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური ფონდის“ დირექტორი, ამერიკული კონსერვატიზმის მკვლევარ-ისტორიკოსი და 25-მდე წიგნის ავტორი ლი ედვარდსი ამბობს, რომ 1989 წლის 23 აგვისტოს გამართულმა ამ დემონსტრაციამ სამი ქვეყნის ხალხების არნახული სოლიდარობა აჩვენა.

ასევე ნახეთ: ისტორიის გადაწერის მცდელობა და ოკუპაციის 100 წელი

"ბევრი მაშინაც ფიქრობდა, რომ საბჭოთა იმპერია დათმობაზე არ წავიდოდა და არც არასდროს მოიშლებოდა მისი საძირკველი. მაგრამ უფრო მეტ ადამიანს ამოძრავებდა რწმენა, რომ თუ თავისუფლების სურვილს შეინარჩუნებდნენ და არაფერს შეეპუებოდნენ, ეს ქვეყნები გათავისუფლდებოდნენ და სამართალიც აღსრულდებოდა. ასე რომ, მათი შეუპოვრობა და თავდადების უნარი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს", - უთხრა ლი ედვარდსმა "ამერიკის ხმას".

ედვარდსის თქმით, დემონსტრაციის წარმატების მიზეზი მაშინ მონაწილეების თავდაჯერებულობა და პრინციპულობა იყო. "სწორედ ეს შემართება და მიზანსწრაფულობა გახდა "რკინის ფარდის" ჩამოშლის ერთ-ერთი მიზეზი და ასევე ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სხვა ერებს იმ დღეს უთხრეს: "არასდროს დათმოთ თქვენი ქვეყანა, ყველაფერს მიაღწევთ, თუ არ შეშინდებით!'“.

"კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური ფონდის დირექტორი ამბობს, რომ მართალია 1989 წელს საბჭოთა კავშირი იმაზე სუსტი იყო, ვიდრე ახლა რუსეთია, მაგრამ "თუკი უკრაინა, საქართველო და მათთან ერთად დასავლეთი გაერთიანდებიან ერთი, თავისუფლების იდეით, წარმატება გარდაუვალი გახდება.“

Your browser doesn’t support HTML5

ედვარდსი: "თავისუფლებას დაკარგვისგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს"

ლი ედვარდსი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებზეც საუბრობს, რომელთა თანახმადაც, მოსახლეობის დაახლოებით 40 % საბჭოთა კავშირის დაშლას "ცუდ მოვლენად" მიიჩნევს. მისი აზრით, რეპრესიული რეჟიმისა და წარსულის შესახებ "სიმართლის თქმა" და მისი გააზრების ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ეს კი არა მხოლოდ ისტორიის ცოდნისთვის, არამედ თანამედროვე მსოფლიოში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"თუკი ქართველ ხალხს არ ემახსოვრება და პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, მაშინ ამ წარსულს სხვები მათ ნაცვლად განსაზღვრავენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ რუსეთი მოახერხებს იმის თქმას, თითქოს საქართველო არც ისე მნიშვნელოვანია, თითქოს ის ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო. ქართველების მცდელობა კი, იყვნენ დამოუკიდებელნი, მარცხისთვისაა განწირული. ბევრი რამაა, რასაც მეორე მხარე იტყვის და თუკი საქართველოს მხრიდან სიჩუმე იქნება, მაშინ მისი ხალხი, კულტურა, ისტორია გაქრება. ამის დაშვება არ შეიძლება", - ამბობს კომუნიზმის მკვლევარი და ისტორიკოსი.

23 აგვისტოს ბევრ დასავლურ ქვეყანაში სტალინიზმის მსხვერპლის ხსოვნის და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება.