ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილი ერთხელ მაინც არ გამოუცდია. პირველი, რასაც ამ დროს ვაკეთებთ, გამაყუჩებლის ძებნას ვიწყებთ, რათა ტკივილი რაც შეიძლება სწრაფად მოვიცილოთ. ეს არც ისე სწორი მიდგომა ყოფილა. თუ რატომ, ახლავე გეტყვით.
წელის ტკივილი თურმე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ამერიკელები ექიმს მიმართავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემებით, წელის არეში ტკივილი ადამიანთა 80 პროცენტში გვხვდება და მკურნალობის მეთოდის მიუხედავად, მათ დიდ უმრავლესობას - 90 პროცენტს, ტკივილი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში გასდის.
ახალი გზამკვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკის ექიმთა კოლეგიამ სულ რამდენიმე დღის წინ გამოსცა, ტკივილგამაყუჩებელი ბოლო ზომა იქნება, რომელსაც 2017 წლიდან ექიმები გვირჩევენ. ბევრი სხვა ტკივილისგან განსხვავებით, ზურგის ქვედა არეში ტკივილი გზამკვლევის ავტორების დასკვნით, ხშირად, რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში, ან 10 დღეში თავისით გაივლის. ამიტომ ტკივილგამაყუჩებლების გვერდით მოვლენებს სჯობს თავი ავარიდოთ.
Your browser doesn’t support HTML5
პირველ რიგში, გვირჩევენ იოგას, ან სხვა მსგავსი ტიპის ვარჯიშებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მოდუნებას. ასევე რეკომენდირებულია თბილი კომპრესები. თუ პაციენტს ქრონიკული ტკივილები აქვს, მაშინ, არასტეროიდულ პრეპარატებს უნიშნავენ, რომელიც ანთებით პროცესს ამცირებს. ასეთია მაგალითად, იბუპროფენის და ნაპროქსენის შემცველი მედიკამენტები.
რიგ შემთხვევებში, კუნთის მომადუნებელი საშუალებებიც ინიშნება. ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ნერვზე მოქმედებს, ან ნარკოტიკის შემცველია, მხოლოდ სულ ბოლო ზომა იქნება. ოპიოდების შემცველი მედიკამენტების პაციენტისთვის რეცეპტით გამოწერა მარტო გამონაკლის შემთხვევებში მოხდება.
საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალებებს შორის ექიმები ზურგის კუნთების სისტემატური ვარჯიშით გამაგრებას ასახელებენ. მძიმე საგნების მარტო აწევას უნდა მოვერიდოთ, სხვები დავიხმაროთ. ან, თუ მარტო ვართ, სჯობს სწორად ავიღოთ ისინი: მუხლების მოკეცვით, ჩაჯდომით და არა ქვემოთ გადახრით. თამბაქოს მოწევა, სტრესი და ჭარბი წონა არც ხერხემლისთვის არის კარგი. ფეხზე დგომის, თუ ჯდომის დროს, მივაქციოთ ყურადღება, რომ წელში გამართული ვიყოთ. ფეხზე არც ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვარგა და არც სულ უძირო, იდეალურია დაბალი, ან საშუალო სიმაღლის ქუსლი.
დავუბრუნდეთ გზამკვლევს. ექიმი სტივენ ატლასი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, პუბლიკაციის პრეამბულაში წერს, რომ ტკივილგამაყუჩებლების ბოლო პლანზე გადაწევა ძალიან საჭირო ცვლილებაა. მისი თქმით, ექიმები პრობლემის მარტივად გადაჭრას უნდა მოერიდონ და უფრო კომპლექსური მიდგომა აირჩიონ, რომელიც პაციენტის ცხოვრების სტილის შეცვლასაც მოიცავს.
გზამკვლევის გამოცემამდე მკვლევარებმა 150-ზე მეტი ნაშრომი შეისწავლეს, იმის დასაზუსტებლად, თუ რა უფრო შველის წელის ტკივილს. მისი დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ამერიკის ექიმთა კოლეგიის გამოცემაში, სამედიცინო ჟურნალ Annals of Internal Medicine, 13 თებერვლის გამოშვებაში.