აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ილჰამ ალიევს ქვეყანაში მაღალი რეიტინგი აქვს, რისი მიზეზიც მოსახლეობის ეკომომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც არის
ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში, რომელიც კავკასიაში ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსალოდნელ შედეგებზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს.


აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ოთხშაბათს იმართება - ცოტაოდენი დაძაბულობა სდევს თან. ჰეიდარ ალიევი და მისი შვილი ილჰამი, რომელიც ახლა პრეზიდენტია, ქვეყანას ბოლო 32 წელია მართავენ.
ილჰამ ალიევის მხარდაჭერა მისი საპრეზიდენტო პოსტზე ყოფნის 10 წლის პერიოდში ყოველი არჩევნების დროს საგრძნობლად იზრდება. 2003 წლის არჩევნებზე ის ხმათა 76%-ით აირჩიეს, 2008-ში 86% პროცენტმა დაუჭირა მხარი. ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს მისი მხარდამჭერები პარლამენტში უმრავლესობით მოვიდნენ.

არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული კამერები გააკონტროლებენ. ბაქოში ათასზე მეტი არჩევნებზე დამკვირვებელი უკვე ჩავიდა, მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს წარმოადგენს.
ხადიჟა ისმაილოვა ოპოზიციური ჟურნალისტია. ის ამბობს რომ ამ ტიპის რეჟიმის ახალი სიტყვა მიესადაგება.

ხადიჟა ისმაილოვა: ეს არის დემოკრატოტორობა - დიქტატორული მმართველობა, რომელიც თითქოს დემოკრატიას მოიცავს. მე ვფიქრობ ეს სიტყვა ალიევის მმართველობას შესანიშნავად მიესადაგება.


არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატებიც მონაწილეობენ, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, მათ სახელმწიფო არხებზე გამოსვლისთვის საეთერო დროს არ აძლევენ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეზღუდულია მათი საჯარო შეხვედრებიც.


არაბული გაზაფხულის დროს, აზერბაიჯანის პოლიციამ მოახერხა სწრაფად ემოქმედა და ახალგაზრდა საპროტესტოდ განწყობილი თაობისთვის ფეისბუქზე კოორდინაციის საშუალება მოესპო. ამის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანელი უფლებადამცველები აცხადებენ, ამჟამად საპატიმროებში 142 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.


გიორგი გოგია ორგანიზაციის, „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელია, რომელიც აზერბაიჯანში პოლიტიკური თავისუფლების ხარისხზე დაკვირვებას ახდენს.


გიორგი გოგია: თავისუფლების ხარისხი , გამოხატვის თავისუფლება, კრიტიკა ხელისუფლების მიმართ იქ ძალიან შეზღუდულია. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ადგილი აქვს სერიოზულ პოლიტიკურ რეპრესიებს, დაპატიმრებას, თვალთვალს, ციხეში ჩასმას.


გასული ორი წლის განმავლობაში, ქუჩაში ხალხის პროტესტის გამო სერიოზული ზიანი მიადგა აზერბაიჯანის ორ პროვინციას. გასულ თვეს ათასობით ადამიანი კვლავ შეიკრიბა ბაქოს ცენტრში და ხელისუფლება კვლავ აანერვიულა, რადგან ილჰამ ალიევის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.


საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის სამხრეთ კავკასიის პროექტის წარმომადგენელი ლოურენს შიტი საქართველოდან, სადაც ამ ორგანიზაციის მთავარი ოფისია, ბაქოში ხშირად ჩადის. ამ თემაზე ის კომენტარს აკეთებს.


ლოურენს შიტი: არჩევნების წინა პერიოდი აზერბაიჯანში ცოტა არ იყოს დაძაბულია. ვინაიდან ხელისუფლება რატომღაც ხან აცხადებს რომ ალიევს 70%, ხან 80% ზოგჯერ კი 90%-იც დაუჭერს მხარს.


გასულ თვეს ჩატარებული ორი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით ილჰამ ალიევს მხარს ამომრჩეველთა 85% უჭერს მხარს. თუმცა ძალიან რთულია გამოკითხვის ობიექტურობაზე მსჯელობა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემო დახურულია, თუმცა ცხადია, რომ პრეზიდენტს მხარდამჭერთა ძლიერი არმია ჰყავს.


ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ქვეყნის სათავეში ილჰამ ალიევი მოვიდა, ნავთობზე არსებული მაღალი ფასის და წარმოების გაზრდის გამო აზერბაიჯანის ეკონომიკური მაჩვენებელი თითქმის 10ჯერ გაიზარდა.


ლოურენს შიტი: მოსახლეობის ცხოვრების დონე ბოლო ათი , ოცი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. არამხოლოდ ბაქოში, არამედ სხვა რეგიონებშიც ხალხს ნამდვილად ეტყობა რომ უკეთესი ცხოვრება აქვს.


თუმცა ჟურნალისტი ისმაილოვა ამბობს, რომ ბევრი ამომრჩეველი აზერბაიჯანის მიერ შემოსავლების განკარგვის საკითხი აღიზიანებს. ისმალოვა თავის სტატიებში პრეზიდენტის ოჯახის საშემოსავლო მონოპოლიაზე, ალიევების დუბაიში და ჩეხეთში რამდენიმე-მილიონიან მომგებიან ბიზნესზე საუბრობდა, რის გამოც მისი განცხადებით, მასზე ძალადობის შემთხვევები იყო.


ოთხშაბათს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელიც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციის თანახმად ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. შესაძლოა ამ დღემ აჩვენოს, განვითრდება თუ არა საინტერესო მოვლენები ალიევების საპრეზიდენტო ოჯახის ირგვლივ.