აზერბაიჯანმა სომხეთს 10 დატყვევებული ჯარისკაცი გადასცა

ბაქომ გაათავისუფლა გასულ თვეში მომხდარ დაპირისპირებაში ტყვედ აყვანილი 10 სომეხი ჯარისკაცი. სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა რუკები, რომლებზეც მთიანი ყარაბაღის რეგიონში დანაღმული ტერიტორიების ნაწილია მონიშნული. აზერბაიჯანის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის 4 დეკემბრის განცხადება ამბობს, რომ გაცვლაში შუამავლის როლი რუსეთმა ითამაშა.

ასევე ნახეთ: მოსკოვი ამბობს, რომ მზადაა სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აზერბაიჯანი, დანაღმული მიწების ამსახველი რუკების სანაცვლოდ, სომეხ ჯარისკაცებს ათავისუფლებს. მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ტერიტორიაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

დაპირისპირება მეზობელ ქვეყნებს შორის ნოემბრის შუა რიცხვებში განახლდა. ბაქო მაშინ აცხადებდა, რომ 16 ნოემბრის შეტაკებაში 7 ჯარისკაცი დაიღუპა. სომეთმა თქვა, რომ მათ 6 ჯარისკაცი დაკარგეს და 30 დატყვევებულია.

გასულ წელს მომხდარი ექვსკვირიანი ომის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ნაწილზე კონტროლი აზერბაიჯანმა მოიპოვა. კონფლიქტის შეჩერებაში გადამწყვეტი როლი კვლავ რუსეთმა ითამაშა. მოსკოვმა რეგიონში მაშინ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი განათავსა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას აკვირდებოდნენ.