რუსეთში განგაშის სისტემები გამოსცადეს

რუსეთმა განგაშის სასიგნალო სისტემები მთელ ქვეყანაში გამოსცადა. ხმამაღალი სირენები და ტელე-რადიო მაუწყებლობის შეჩერება ამჯერად მხოლოდ იმისთვის მხოდა, რომ მოსახლეობისთვის სიმშვიდისკენ მოეწოდებინათ.

სისტემების პირველი ასეთი გამოცდა 2020 წელს ჩატარდა და ის ამჯერად იმ ახალი ინიციატივის ნაწილია, რომელიც მთავრობას ავალდებულებს ტესტი წელიწადში ორჯერ მაინც ჩაატარონ. ეს რეგულაცია 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა.

მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 7 საათსა და 40 წუთზე რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ხმამაღალი სირენები გაისმა: "ყველა ყურადღებით!მოწმდება გამაფრთხილებელი სისტემების მზაობა. გთხოვთ, დარჩეთ მშვიდად", - გაისმა ხმის გამაძლიერებლებში და სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში.

"როდესაც თქვენ სირენის ხმას გაიგებთ, მშვიდად უნდა დარჩეთ და პანიკაში არ ჩაცვივდეთ. ჩართეთ ტელევიზორი, ან ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ტელეარხი ან რადიო, მოუსმინეთ საინფორმაციო გზავნილს", - განმარტავს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო განცხადებაში. "საგანგაშო სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის - ადამიანის მიერ თუ ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული საფრთხის და გადადაუდებელი საჭირობის შესახებ აცნობოს".

ასევე ნახეთ: დამანგრეველი ღვარცოფი შოვში: რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?

4 ოქტომბერს ეროვნული მასშტაბით გამოსცადეს სასიგნალო სისტემები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გაფრთხილების სისტემა დაიტესტა მობილური ტელეფონების და ტელე-რადიო მაუწყებლობების მეშვეობით.

ამერიკაში ამ სისტემების გამოცდის მიზეზი ის იყო, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისადმი დაუყოვნებლივ საჭირო ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება, განსაკუთრებით კი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შესახებ განმარტება "გადაუდებელ სიტუაციათა მენეჯმენტის სააგენტომ" გაავრცელა. ბოლო წლების განმავლობაში განგაშის სისტემები არაერთ ქვეყანაში შეამოწმეს იმისთვის, რომ ამა თუ იმ კრიზისის ან კატასტროფისთვის მზად იყვნენ.

რუსეთში კი ეს ტესტი ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნის 91-ე წლისთავს ემთხვევა. რუსული მედიის ინფორმაციით, აგვისტოში მთელი ქვეყნის მასშტაბით წვრთნები ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში მოქცევას ასწავლიდნენ. სამინისტროს ცნობით, რუსეთში სისტემების გამოცდის მიზანი, ამ სისტემებზე პასუხისმგებელი უწყებების და პერსონალის მზაობის შემოწმება და საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაა.