ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"Z-მოიერიშეები - რუსული "საზარბაზნე ხორცი"


„[რუსეთის] მოიერიშე რაზმების მებრძოლები უბრალოდ საზარბაზნე ხორცია“, თქვა ერთმა ჯარისკაცმა რუსეთის ჩვეულებრივ, ნომერ 40318 საჯარისო ნაწილიდან, რომელიც მაისში და ივნისში ქალაქ ბახმუტთან იყო განლაგებული.

მან თქვა, რომ ბრძოლის ველზე ექვს ან შვიდ დაჭრილ „Z-მოიერიშე“ მებრძოლს სამედიცინო დახმარება გაუწია და ეს მეთაურის ბრძანების დარღვევით გააკეთა, რომელმაც მათი მიტოვება უბრძანა. მან არ იცოდა მეთაურმა ასეთი ბრძანება რატომ მისცა, მაგრამ განაცხადა, რომ ეს აჩვენებს, ოფიცრები “Z-მოიერიშეებს“ ჩვეულებრივ ჯარისკაცებზე ნაკლებად ფასეულად მიიჩნევენ.

ჯარისკაცმა ანონიმურობა მოითხოვა, რადგან ომზე საჯაროდ საუბრის გამო, რუსეთში სამართლებრივი დევნის ეშინოდა. მან თქვა, რომ ამ ხალხის გასაჭირი აღელვებდა: „თუ მეთაური ვინმეს სუნთქვაში ალკოჰოლის სუნს იგრძნობს, მაშინვე მოიერიშე რაზმში გზავნის“.

რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ “Z-მოიერიშე“ რაზმები არსებობს, რომლებიც მძიმე ბრძოლებში მონაწილეობენ და ზოგიერთმა მებრძოლმა სიმამაცისთვის მედალიც მიიღო, თუმცა არ გაუმჟღავნებიათ თუ ეს რაზმები როგორ იქმნება, ან მათ როგორი დანაკარგები აქვთ.

„როიტერმა“ გამოიკვლია, რომ საჯარიმო რაზმები, რომლებიც 100-150 მებრძოლისგან შედგება, ჯარის ჩვეულებრივ დანაყოფებთან არის მიერთებული და როგორც წესი, ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე გზავნიან და ხშირად მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

საჯარიმო რაზმებში ასევე ერთად არიან მსჯავრდებულები, რომლებმაც შეწყალების დაპირების სანაცვლოდ მოხალისედ ბრძოლა არჩიეს და დისციპლინის დამრღვევი ჩვეულებრივი ჯარისკაცები.

ომზე დამკვირვებელი დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტის დაზვერვის გუნდის თანახმად, “Z-მოიერიშე“ რაზმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის სასარგებლოა, რადგან შეუძლიათ ბრძოლის ველზე ერთჯერადი გამოყენების ქვეით ძალად გამოიყენონ. რუსეთში დაფუძნებულმა ჯგუფმა „როიტერს“ უთხრა: „მოიერიშე მებრძოლებს უბრალოდ ფრონტის ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე გზავნიან, თავდაცვისთვის და შეტევისთვის“.

არსებობს ისტორიული პრეცედენტი, როდესაც სამხედრო წესების დამრღვევებს საჯარიმო საბრძოლო დანაყოფებში გზავნიდნენ. 1942 წელს, როდესაც წითელი არმია ნაცისტების წინსვლისგან უკან იხევდა, საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა გამოსცა ბრძანება, რომ ჯარისკაცები, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ ან საკუთარი პოსტები მიატოვეს „საჯარიმო ბატალიონებში“ გაემწესებინათ და ფრონტის ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე განელაგებინათ.

უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ თვითონაც ათავისუფლებს ზოგიერთ მსჯავრდებულს, თუ ის ომში ბრძოლაზე თანხმობას აცხადებს.

XS
SM
MD
LG