17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა

საპარლამენტო არჩევნები თბილისში. 26 ოქტომბერი, 2024 წ.

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა. ხმა მისცა 1 768 816-მა ადამიანმა.

2020 წელს ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 45.77% იყო, 2012-ში - 53.03%.

26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ასევე ნახეთ: საარჩევნო დღის პირველი ნახევარი უკვე გასულია, ფიქსირდება ამომრჩეველთა აქტივობა და ზოგან დარღვევებიც

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.