რამდენიმე წლის წინ შექმნილ მდგომარეობისგან განსხვავებით, როცა ბრინჯზე ფასების ზრდამ აზიურ ბაზრებზე პანიკა გამოიწვია, დღეს-დღეობით აზიის რეგიონს ხორბლისა და სიმინდის მკვეთრი გაძვირება არ აშფოთებს. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰედა ბაირონი ჰონგ კონგიდან იუწყება, მარცვლეულის მოსავლის შემცირება რუსეთში, უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში ამერიკელ ფერმერებს აზიური ბაზრების ათვისების შესაძლებლობას აძლევს.
აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ რაც რუსეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა, ნებრასკას შტატის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ჰონგ კონგსა და ტაივანს ესტუმრნენ საკუთარი პროდუქციის გასაღების მიზნით. ტაივანში მათ გააფორმეს კონტრაქტები, რომელთა თანახმად მომავალი ორი წლის მანძილზე ნებრასკა ტაივანს 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალს, სიმინდსა და სოიოს მიაწვდის.
ამერიკელი ფერმერი დენ ჰიუსი ნებრასკას შტატის სავაჭრო დელეგაციის წევრი იყო. იგი იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორი ქვეყანა, ხორბლის გლობალურ მიწოდებაში საკუთარ წვლილს შესაბამისად გაზრდის.
„ჩვენ შეერთებულ შტატებში გაგვიმართლა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში გვალვიანი ამინდი დადგა. უდავოდ სამწუხაროა ის, რომ მსოფლიოში ზოგიერთმა ფერმერმა მოსავალი დაკარგა, რაც ჩვენ დაბანდებულ ინვესტიციებზე მოგებას მნიშვნელოვნად გაგვიზრდის. მოსავალის აღებას ერთი თვის წინ მოვრჩით. ჩვენ ფერმაზე მოსავალი საშუალო აღმოჩნდა, მაგრამ რუსეთში გვალვის გამო ფასები გაიზარდა და შედეგად მიმდინარე წელი ჩვენთვის მომგებიანი იქნება,“ აღნიშნა ჰიუსმა.
რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ცუდი მოსავლიანობის გამო საერთაშორისო ბაზრებზე ივნისიდან მოყოლებული ხორბლის ფასი 50-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. მართალია ჯერ-ჯერობით ხორბლის ფასი 2008 წლის რეკორდულ მაჩვენებელს ჩამორჩება, ფასების მატება მაინც ადარდებს როგორც მომხმარებლებს ისე მთავრობებს.
მაგრამ შეერთებულ შტატებში ფედერალური მთავრობის ცნობით წელს ხორბლის წარმოება 2 პროცენტით გაიზრდება. ამას გარდა, ამერიკელი ფერმერებისთვის მიმდინარე წელი ერთ ჰექტარზე გამოანგარიშებით ხორბლის მოსავლიანობის თვალსაზრისით შეიძლება საუკეთესო აღმოჩნდეს.
ორი წლის წინ, როცა ბრინჯზე ფასი თითქმის გაორმაგდა, აზიურ ბაზრებზე პანიკა შეინიშნებოდა. ხოლო მთავრობები და მომხმარებლები მისაღებ ფასებში რეგიონის მთავარი საკვები პროდუქტის მარაგის შექმნას ცდილობდნენ.
წელს ხორბლის ფასის გაზრდას აზიის რეგიონი დიდი სიმშვიდით შეხვდა.
ეს კი იმით არის განპირობებული, რომ მსოფლიოს ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი - ინდოეთი და ჩინეთი - აგრეთვე მსოფლიოს წამყვანი ხორბლის მწარმოებლები არიან და მათ საკმარისი რაოდენობის ხობრალი აქვთ შენახული. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთსა და ინდოეთში ხორბლის მოსავლის ლომის წილი საშინაო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის წარმოების მოცულობით მეორე ადგილს იკავებს. ინდოეთი ხორბლის მარაგს ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის ინახავს და გარკვეულ ნაწილს მეზობელ სახელმწიფოებს აწვდის, ბანგლადეშის ჩათვლით.
ხორბლის წარმოების მოცულობით ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისიის ცნობით ხორბალზე ფასის მომატება ჩინეთის შიგნით ხორბლის მიწოდებას არ ავნებს. კომისიის განცხადებით ჩინეთის ბაზარზე ხორბლის ფასი საერთაშორისო ფასზე ისედაც უფრო მაღალია და ამდენად პეკინი ხორბლის ექსპორტს არ აპირებს.
ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ აზიურ მთავრობებს მარცვლეულის ფასის მომატება არ ადარდებს.
ივლისში ჩინეთში სურსათის ფასი 6.8 პროცენტით გაიზარდა. ხოლო ივნისში ეს მაჩვენებელი 5.7 პროცენტს შეადგენდა. ჩინეთის მთავრობა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს სურსათის ფასების ინფლაციას რადგან მოულოდნელმა მერყეობამ ქვეყნის მრავალრიცხოვან სოფლის მოსახლეობაში შეიძლება არეულობა გამოიწვიოს.
მართალია აზიის რეგიონი მარცვლეულზე მზარდი ფასებისგან ამჟამად დაცულია, მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს რადგან მზარდ მოსახლეობასა და დოვლათს მარცვლეულის მოხმარების მომატება მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო ბაზრებზე სიმინდის ფასიც გაიზარდა. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პირველად ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთმა შეერთებული შტატებისგან დიდი რაოდენობის სიმინდი შეიძინა. ქვეყანაში გვალვისა და მეცხოველეობის მზარდი მოთხოვნის გამო ჩინეთის მიერ სიმინდის იმპორტი ივლისში გაორმაგდა ივნისთან შედარებით.
აგვისტოში შეერთებული შტატების ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.