მაშინ როცა გვიან ღამით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცრემლნარევი და გულაჩუყებული ვლადიმერ პუტინი კრემლთან შეკრებილ მხარდამჭერებს ტრიუმფალურ გამარჯვებას ულოცავდა, ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს "თაღლითობად" აფასებდნენ და ორშაბათიდან მოსკოვში და რუსეთის დანარჩენ დიდ ქალაქებში მასობრივი გამოსვლებით იმუქრებოდნენ.
4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში უამრავი დარღვევის ბრალდებით აღინიშნა. დამკვირვებელთა დამოუკიდებელმა სააგენტომ "გოლოსმა" 3 ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის იყო შეტყობინებები ე.წ. "კარუსელების" შესახებ, როდესაც ამომრჩევლების ჯგუფი რიგ-რიგობით ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეზე გადაჰყავდათ. ასევე გახმაურდა პრო-პუტინისტი ბიზნესმენების მიერ საწარმოებში დადგმული საარჩევნო ყუთების დადგმის ფაქტებიც, როდესაც თანამშრომლებს უფროსები აიძულებდნენ ხმა პუტინისთვის მიეცათ. "გოლოსის" პრეს-სპიკერის განცხადებით არჩევნები რომ სუფთად ჩატარებულიყო, პუტინს სულ ცოტა მეორე რაუნდი ელოდა. ფალსიფიცირებათა რაოდენობა თითქმის იმდენივე იყო, რამდენიც დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, განაცხადა მან.
კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა არჩევნებს "არალეგიტიმური, უსამართლო და გაუმჭვირვალე" უწოდა. პროხოროვმაც აღნიშნა, რომ მას წინასწარ განსაზღვრული თამაშის გარკვეული წესებით მოუწია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ არჩევნების შედეგები რუსი ხალხის ჭეშმარიტ ნებას გამოხატავს. ახლა მთავარი გამოწვევა ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლა და პირდაპირი, სამართლიანი არჩევნების პრინციპის აღდგენა იქნება, განაცხადა მან.