ობამა ავღანეთში ჩადის

ავღანეთში პრეზიდენტი ობამა სავარაუდოდ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერს ხელს და ამით, ნატოს ავღანეთიდან 2014 წელს გასვლის შემდეგ ამერიკელების დისლოცირებისთვის პირობებს დასახავს.

სამშაბათს, გვიან ღამით ობამა ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდა და პირდაპირ ქაბულში გაემგზავრა. ამერიკელი ლიდერი ამ წუთებში, საპრეზიდენტო სასახლეში ხვდება ავღანეთის პრეზიდენტს. მოგვიანებით, ობამა ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება ბაგრამის ბაზაზე. ასევე ბაგრამიდან, იგი გეგმავს პირდაპირი, სატელევიზიო მიმართვით წარდგეს ამერიკელი ხალხის წინაშე და ავღანეთის ომზე ისაუბროს.

საპრეზიდენტო მიმართვა ემთხვევა ოსამა ბინ-ლადენის განეიტრალებიდან ერთი წლისთავს. მას შემდეგ, ურთიერთობები ავღანეთსა და ამერიკას შორის არაერთხელ განსაკუთრებით დაიძაბა და ეს რამდენიმე ინციდენტის დროს მოხდა. მათ შორის იყო ყურანის დაწვის შემთხვევა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე და ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 17 ავღანელი მშვიდობიანი პირის მკვლელობის ფაქტი.

ამერიკის პრეზიდენტი ავღანეთში 7 საათს დაჰყოფს.