სანტორუმის წარმატება

სანტორუმის წარმატება

ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში კიდევ ერთი მოულოდნელობა დაფიქსირდა, როცა სამშაბათს რიკ სანტორუმმა ამერიკის სამ შტატში გამართულ არჩევნებში წარმატებას მიაღწია და მიტ რომნისა და ნიუტ გინგრიჩს გაუსწრო.

ამ გამარჯვებამ სანტორუმის კანდიდატურა კიდევ უფრო გააძლიერა და დიდი დარტყმა მიაყენა სხვა კანდიდატების წინასაარჩევნო მარათონს.

რიკ სანტორუმი ყოფილი სენატორია პენსილვანიის შტატიდან.

მინესოტოაში მან ამომრჩევლის ხმების 45 პროცენტი მიიღო, მისურის შტატში-55%.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, სანტორუმმა თქვა, რომ "კონსერვატიული იდეები ამერიკაში ჯერ კიდევ ცოცხალია", და რომ ის ობამას ერთადერთი ალტერნატიული კონსერვატორი კანდიდატია. პრეზიდენტს მან ბრალი დასდო ხალხის ნების წინააღმდეგ ფინანსური სექტორის ზღვარგადასულ დახმარებასა და ჯანდაცვის რეფორმის გატარებაში.