ტიმოშენკო ციხეში რჩება

ტიმოშენკო ციხეში რჩება

უკრაინის პარლამენტმა უარყო წინადადება, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყო. კერძოდ, უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში იმ ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც ტიმოშენკოსთვის წაყენებული ბრალდებების დეკრიმინალიზაცია მოხდებოდა. მას შემდეგ რაც, პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ინიციატივა უარყო, ტიმოშენკოს პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვეს.

50 წლის იულია ტიმოშენკოს გასულ თვეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას რუსეთთან 2009 წელს ბუნებრივი აირის სფეროში ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში ედება ბრალი. ტიმოშენკოს დაპატიმრება და მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გააკრიტიკეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.