ტყვეობის 288-ე დღე

ტყვეობაში მყოფი ასლან დემურაძე და ირაკლი ჯიქიძე

288 დღის წინ სომალიში დატყვევებული თხუთმეტი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების გაჭიანურების მთავარი მიზეზი იმ თანხის არარსებობაა, რომელსაც მეკობრეები გამოსასყიდის სახით ითხოვენ. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

უცნობია, ზუსტად რა ოდენობის გამოსასყიდს ითხოვენ სომალელები და რეალურად რა თანხაა შეგროვებული. ასევე უცნობია, მონაწილეობს თუ არა ქართული სახელმწიფო გამოსასყიდის გადახდის პროცესში.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ მეკობრეები მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ. „ამერიკის ხმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ ყველა დატყვევებული ცოცხალია.

ივნისის დასაწყისში კი ათენში იმყოფებოდნენ ერთ-ერთი დატყვევებული მეზღვაურის ძმა და ადვოკატი, რომლებმაც მოლაპარაკება გამართეს გემთმფლობელ ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეს“ წარმომადგენლებთან და საბერძნეთში მყოფ ქართველ დიპლომატებთან. ეს ვიზიტი აჭარის მთავრობამ დააფინანსა.

საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ გვითხრა, რომ დატყვევებულებს გემიდან უკვე ორი თვეა არ დაურეკავთ:

„ორი თვეა უკვე არ დაურეკავთ და ამ კვირაში ველოდებით, რომ უნდა დარეკონ.

კითხვა - შეხვედრა გაიმართა საბერძნეთში, მართალია ეს ინფორმაცია?

არ არის ამაზე საუბარი საჭირო. პრესისთვის არ ვიძლევით ინფორმაციას, არ არის საჭირო.“

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელზეც 15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაურია, მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში დაატყვევეს. სხვადასხვა ინტენსივობით უკვე ათ თვე ნახევარია მიდის მოლაპარაკება მეზღვაურების დასახსნელად, თუმცა ვაჭრობამ გამოსასყიდის ოდენობაზე შედეგი არ გამოიღო.

ჩავარდა საქართველოს პროფკავშირების მცდელობაც, საზოგადოებრივი აქტივობებით შეეგროვებინა საჭირო თანხა. სამწუხაროდ სულ 60 ათასი ლარი შეგროვდა. სახელმწიფო უწყებებმა პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო მითითებით ამ თემის ირგვლივ ინფორმაციის გაცემა აკრძალეს, თემა აღარ შუქდება პროსახელისუფლებო მედიის მიერ.

დატყვევებულთა ოჯახების ნაწილი შეზღუდვას დაემორჩილა, ნაწილი კი ამბობს, რომ რეალურ შედეგს დღემდე ვერ ხედავს. მათ შორისაა, დატყვევებული თემურ ბედინაძის მეუღლე ნაირა ხალვაში:

„ახლა ვდგავართ აჭარის უზენაეს საბჭოსთან, მიწყნარდა ყველაფერი. ძალიან ვნერვიულობ. მე იმედი აღარ მაქვს. უნდა დავიწყო შიმშილობა. 60 დღეა არ დაურეკავს. არ ვიცი მკვდარია თუ ცოცხალია. ხმა რომ გამაგებინონ ჩემი ქმარის რა მოხდება?! ცოცხალია თუ მკვდარია?! ამას ვეხვეწები ყველას.

გემზე ყველაფერი გაუმართავია, საყინულეც არ არის. იქ რომ მოკვდეს უნდა გადააგდონ ზღვაში. მე ამას ვერ დავუშვებ. ძალიან ცუდი რამე იქნება ამ უდანაშაულო ბიჭების იქ სიკვდილი. ადვოკატმაც ვერაფერი მითხრა, თითქოს 40-50 პროცენტი არის შანსი რომ გაანთავისუფლონო. იმედს ვერ ვხედავ რომ ფულს რომ გადაიხდიან ან მოლაპარაკება რაიმე რეალურ შედეგამდე რომ იყოს მისული.“

„ოლიბ ჯი“ იმ შვიდი გემის რიცხვშია, რომლებიც სომალელ მეკობრეებს დიდი დროის მანძილზე ჰყავთ დატყვევებული. აქედან ოთხი გემი ტაივანურია, თითო - არაბეთის გაერთიანების საემიროების, საბერძნეთისა და იემენის. ამ სიის ლიდერია იემენის გემი „სოკოტრა“, რომელიც ექვსი იემენელი მეზღვაურით, მეკობრეებს 2009 წლის 25 დეკემბრიდან, ანუ უკვე წელიწადი და ექვსი თვე ჰყავთ ტყვეობაში.

უცნობია როგორია ქართული ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა აღნიშნავს, რომ ქართველი მეზღვაურები უმძიმეს სიტუაციაში არიან:

„თავისთავად ცხადია, დაუცველობის განცდას იწვევს ის, რომ სათანადო გამოხმაურებას ვერ გრძნობენ. თანაგრძნობას ვერ ხედავენ. მცდელობა უნდა იყოს მათი განთავისუფლების და ამას ისინი იქ, ვერ განიცდიან. ვერ ხედავენ, ვერ აღიქვამენ. ეს არის ძალიან მძიმე.

შეიძლება ვინმე ჩემს დახსნას ვერ ახერხებდეს, მაგრამ თუ მცდელობას ადგილი აქვს ეს მოლოდინს უფრო იმედისაკენ გადახრის, რომ რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება. ამიტომ, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა.“

გუშინ ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან დატყვევებულთა ოჯახების წევრთა ნაწილი შეიკრიბა. ისინი ცდილობდნენ ბათუმში მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას. თუმცა, „ბათუმის პლაზას“ საცურაო აზურისა და რესტორან „რივიერას“ დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმი ისე დატოვა, რომ ეს შეხვედრა არ შედგა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ნაოსნობის ისტორიაში ერთი უსიამოვნო რეკორდი გაუმჯობესდა. დღემდე, ყველაზე დიდხანს სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ბერძნული გემის „ჯენლილის“ ექვსი ფოთელი მეზღვაური იმყოფებოდა. ფოთელები ტყვედ 2002 წლის ივლისში ჩავარდნენ და სომალურ კოშმარს, 225 დღის შემდეგ, 2003 წლის 9 თებერვალს უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს თავი.„ოლიბ ჯის“ ქართული ეკიპაჟი კი უკვე 288-ე დღეა ტყვეობაში და როდის დასრულდება ეს კოშმარი არავინ იცის.