“დაიკავე უოლსტრიტის“ პერსონაჟები

“დაიკავე უოლსტრიტის“ პერსონაჟები

უოლსტრიტის აქცია შორიდან ხალხის დიდძალი მასის უწესრიგო ფუსფუსს მოგაგონებთ. ახლოდან კი ინდივიდუალური მრავალფეროვნებით მოგჭრით თვალს. რა ტიპის ადამიანს არ ნახავთ აქ: მოწესრიგებულს, ქათქათა საყელოთი და ზედმეტად სერიოზული გამომეტყველებით; ბოჰემურ და საინტერესო ფერებში გამოწყობილებს დაუდევარი ჩაცმულობით და აწეწილი ვარცხნილობით; ექსტრავაგანტულ მუსიკოსებს; მოუსვენარ და დაქანცულ წრეზე მოფუსფუსე მოხალისეებს ჯინსებში და პრაქტიკულ სპორტულ ფეხსაცმელებში, ჩაძინებულ, თბილ გადასაფარებელში გახვეულ უსახლკაროებს, ყველა ასაკის, თითქმის ყველა ჯურის ადამიანს.

ახლოს მისულებს ჩრდილოეთ კაროლინელი ჯოელ გოლდენთაიერი გამოგვეხმაურა. ის უკმაყოფილოა იმით, რომ მედია თვალშისაცემი გარეგნობის და ჩაცმულობის ადამიანებს ეძებს და აქციის მთავარ გზავნილს ყურადღებას დიდად არ აქცევს.

მათ ადგილზე ჩვეულებრივი ადამიანების სათქმელი უფრო დამაინტერესებდა. ისინი თითქმის ერთი და იგივე იდეას სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ. თუ ყურადღებით მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ხალხი თუთიყუშივით რაიმე იდეოლოგიას კი არ იმეორებს, არამედ სათქმელს გულწრფელად ამბობს“ - გვიხსნის ის.

დემონსტრანტებს ერთი იდეა არ აერთიანებთ. პროფკავშირები აქ დიდი კორპორაციების მიერ თანამშრომლების მიმართ უსამართლო მოპყრობას აპროტესტებენ. ერთი კაცი იესო ქრისტეს სახელით ბანკირების დაჭერასაც კი მოითხოვს. მის გვერდით ქალბატონების ჯგუფი პოლიტიკოსებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი შეძლებულ კომპანიებს მიეყიდნენ და მათ ინტერესებს იცავენ. ახალგაზრდები სიკვდილით დასჯის გაუქმებას და კორპორაციების მიერ განათლების სისტემის კონტროლს აპროტესტებენ. ერთ-ერთ დემონსტრანტს ხელში ტრანსპარანტი უჭირავს, რომელზეც კონფუცის ციტატაა სიმდიდრის არასწორი გამოყენების შესახებ.

სათქმელი მათ თითქოს მართლაც სხვადასხვა აქვთ, მაგრამ თითქმის ყოველ მათგანში სიმდიდრის თემა ფიგურირებს. დემონსტრანტების დიდი ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ ამერიკის მოსახლეობის 1 პროცენტს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დარჩენილ 99-ს. „ჩვენ 99 % ვართ“. მსგავს ტრანსპარანტს აქციაზე მრავლად ნახავთ. დემონსტრანტებს შორის ექსპერტებიც არიან. ეკონომისტი ლორენს ბრამი კორპორაციებს იმაში ადანაშაულებს, რომ ისინი პოლიტიკოსების კეთილგანწყობას ამერიკის მოსახლეობის 99 პროცენტის ნაშრომის ხარჯზე მოიპოვებენ.

ჩვენი პოლიტიკა მყვირალთა მატჩს დაემსგავსა. ის სოციალისტია, ეს კაპიტალისტია, ის დემოკრატია, ეს რესპუბლიკელია - გაჰკივიან ისინი. მე კი ამერიკელი ვარ. მე მინდა ჩემი ქვეყანა წინ მიდიოდეს და არა უკან. არ მაინტერესებს მარჯვნივ ხარ, თუ მარცხნივ, სამსახური ორივე მხრის წარმომადგენლებმა დაკარგეს. აქ ვინც დგას, უმრავლესობა უმუშევარია, ამათ უნდა მოვუსმინოთ“ - ამბობს ეკონომისტი.

ამერიკის დროშები აქციაზე უხვადაა. თუმცა ალაგ-ალაგ პუერტო რიკოს, ჩინეთის და კიდევ მრავალი სხვა ქვეყნის დროშას მოჰკრავთ თვალს. ერთ მამაკაცს უცნაური ტრანსპარანტი უჭირავს, რომელზეც „რატომ ხართ აქ?“ წერია.

და თქვენ რატომ ხართ აქ? ვეკითხებით მას.

ჩვენ ყველას უფრო სამართლიანი საზოგადოება გვინდა. ნაკლები რასიზმით, ნაკლები ომით, მდიდრებს და ღარიბებს შორის ნაკლები მოცულობის უფსკრულით“ - გვპასუხობს ის.

უოლსტრიტი მიმდინარე დემონსტრაციებს ჯერჯერობით სრულ იგნორირებას უკეთებს. ვაშინგტონიც მას მხოლოდ არაპირდაპირ მოიხსენიებს. მოძრაობას არ ჰყავს ლიდერი და არ აქვს პროგრამა. ეს უფრო ხალხის შეკრებას და მათი სურვილების ხმამაღლა გამოხატვას ჰგავს. ნიუ იორკის უბრალო გამვლელებს ამის შემხევარეს, ზოგს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანაში ანარქიის ნიშანია, ზოგი კი დემოკრატიის გამოხატულებად მიიჩნევს.