ნიუ-იორკში უოლ-სტრიტზე საპროტესტო დემონსტრაცია გრძელდება. აქ შეკრებილები საბანკო პოლიტიკას და ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დემონსტრაციები შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ბოსტონში ათობით მომიტინგე დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მათ უარი განაცხადეს დიუის პარკის დატოვებაზე. ვაშინგტონში შეკრებილებს კი იმედი აქვთ, რომ მათ პროტესტის გაგრძელების საშუალება ექნებათ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კეინ ფარაბაო საპროტესტო აქციის შესახებ ჩიკაგოდან იუწყება.
ჩიკაგოში ეროვნული ბანკის, სავაჭრო პალატის და „ამერიკის ბანკის“ ფილიალის წინ შეკრებილები უკმაყოფილო შეძახილებით ამხნევებენ ერთმანეთს.
ჩიკაგოში საპროტესტო აქცია, ნიუ-იორკში უოლ სტრიტის აქციის შემდეგ დაიწყო. დღითიდღე ქუჩის დემონსტრაციას უფრო მეტი ადამიანი უერთდება.
„მართლაც საინტერესოა ის, რაც ხდება უოლ-სტრიტზე და ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. შექმნილია ეროვნული პლატფორმა, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ამ ყველაფრის შესახებ“ - ამბობს ამიშა პატელი.
ამასობაში, უოლ-სტრიტზე დაწყებული აქცია ამერიკის უდიდეს ქალაქებში ვცრელდება. ამიშა პატელი სახალხო თანამშრომლობის აღმასრულებელი დირექტორია. ის ამბობს, რომ ჩიკაგოში უკმაყოფილება ახალი მოვლენა არ არის.
„თვეების განმავლობაში უამრავი ორგანიზაცია ვიკრიბებოდით და ვბჭობდით, თუ როგორ დაგვებრუნებინა ჩიკაგო, როგორ გვესაუბრა სკოლების, სამუშაო ადგილების, განსახლების პრობლემების შესახებ,“ - ამბობს ამიშა პატელი.
მასობრივი პროტესტი ჯერ ცალკეული შეხვედრებით დაიწყო, რომელშიც პატელის ჯგუფი, მომავლის მეწარმეთა და იპოთეკური სესხების ასოციაციები ორგანიზაცია „დაიკავე ოლ სტრიტთან“ ერთად მონაწილეობდნენ. ეს კი ნელნელა მშვიდობიან საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, სადაც უკვე ერთი კვირაა ყოველ დღე ახალი თემა განიხილება. ჩიკაგოს უძრავი ქონების ასოციაციის ოფისთან გამართულ ერთერთ აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.
„ჩვენ ყველას ჩვენი პირადი პრობლემები გვაქვს. თუმცა რამდენიმე მთავარი თემის ირგვლივ გავერთიანდით. ვფიქრობ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმთავრესია,“ - ამბობს აქციის მონაწილე როი ოლგრენი.
ის სამხედრო ვეტერანია. ამბობს, რომ ჩიკაგოში საპროტესტო აქცია მართალია ძალას იკრებს, თუმცა ადრე უნდა დაწყებულიყო.
„ვფიქრობ ქუჩაში პროტესტის გამოხატვა თვეების წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმედი მაქვს რომ ის გაძლიერდება,“ - ამბობს ოლგრენი.
ოლგრენის სურვილი შესაძლოა გამართლდეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მაისში დიდ დემონსტრაციას გეგმავენ, როდესაც დიდი რვიანის და ნატოს სამიტების დროს ჩიკაგოში საპროტესტო აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვა.