ბრეივიკის პროცესი

სასამართლო პროცესის ერთერთი მთავარი მიზანია დაადგინოს ბრეივიკის ფსიქიკური მდგომარეობა

ნორვეგიელი ტერორისტი, რომელმაც შარშან ივლისში 77 ადამიანი მოკლა, ამბობს რომ იგივეს გააკეთებდა. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპაში ყველაზე ეფექტური ოპერაცია იყო. ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესს ლონდონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი აკვირდება.

სასამართლო სხდომაზე ბრეივიკმა წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. მისი თქმით, ეს ხოცვა-ჟლეტა ღმერთის ნებით მოხდა და არა სატანის; მისი მოქმედება კი, სამოქალაქო ომის აღკვეთას ისახავდა მიზნად.

ვიბეკე ჰეინ ბაერა ბრეივიკის ადვოკატია.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მან ახსნას, თუ რატომ ჩაიდინა ეს,“- ამბობს ვიბეკე.

22 ივლისს ბრეივიკმა ნორვეგიის დედაქალაქში ბომბი ააფეთქა, რასაც რვა ადამიანი შეეწირა. ამის შემდეგ, ის ახლომდებარე კუნძულზე გაემართა, სადაც მშრომელთა პარტიის ორგანიზებით საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი იყო მოწყობილი. კუნძულზე ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ბრეივიკმა დანაშაული აღიარა, თუმცა აცხადებს, რომ მან ამით ნორვეგია დაიცვა და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლოზე მისი სიტყვა ტელევიზიით არ გადაიცა, რადგან ამას პროპაგანდის ხასიათი არ ქონოდა. ბიორნ მაგნუს იაკობსენი კუნძულზე ბრეივიკის მიერ მოწყობილ ხოცვას გადაურჩა.

„ძალიან ძნელია ერთ ოთახში იჯდე იმ ადამიანთან, რომელმაც უამრავი შენი მეგობარი მოკლა და შენს მოკვლასაც ცდილობდა. მეორეს მხრივ, კარგია როცა მას განსასჯელის სკამზე ვხედავ,“ - ამბობს იაკობსენი.

სასამართლო პროცესიდან მოსამართლის ერთერთი თანაშემწე დაითხოვეს, რადგან მან განაცხადა, რომ ბრეივიკი სიკვდილით დასჯას იმსახურებს. ნორვეგიაში ეს სასჯელი გაუქმებულია.

სასამართლო პროცესის ერთერთი მთავარი მიზანია დაადგინოს ბრეივიკის ფსიქიკური მდგომარეობა. თუკი მას სასამართლო სულით ავადმყოფად მიიჩნევს, ბრეივიკს სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადააგზავნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მას დამნაშავედ ცნობენ, ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.