ნორვეგიაში კუნძულ უტეიასა და დედაქალაქ ოსლოში მომხდარი ორმაგი ტერაქტი, რომელმაც საერთო ჯამში 76 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უშუალოდ შეეხო საქართველოს.
უკვე მეხუთე დღეა ვერ პოულობენ საქართველოს მოქალაქეს, 23 წლის თამთა ლიპარტელიანს, რომელიც თავდასხმის დროს კუნძულ უტეიაზე იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო კიდევ ერთი ქართველი ნათია ჩხეტიანი.
ორივე საქართველოს სოციალისტური პარტიის, ახალგაზრდული ფრთის ქუთაისის ორგანიაზიის წევრია. ჩხეტიანი ქუთაისელი სოციალისტების თავჯდომარეა, ხოლო ლიპარტელიანს - საერთაშორისო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა.
ორივე გოგონა ოსლოში 19 ივლისს, ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტების მიწვევით გაემგზავრა. ქართველი სოციალისტები ნორვეგიელ ლეიბორისტებთან 2004 წლიდან თანამშრომლობენ.
სწორედ ასე მოხვდნენ ქართველები ოსლოდან 35 კილომეტრზე მდებარე კუნძულ უტეიაზე, კუნძული ნორვეგიელი ახალგაზრდა ლეიბორისტების კერძო საკუთრებაშია და ტრადიციულად, სწორედ აქ ეწყობა ახალგაზრდული ბანაკები.
ქართველმა გოგონებმა ერთმანეთი მაშინ დაკარგეს, როცა ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა უტეიაზე ახალგაზრდების დახოცვა დაიწყო. სასწაულად გადარჩენილი ნათია ჩხეტიანი ამერიკის ხმასთან მომხდარს ასე იხსენებს:
„მე და თამთამ დავტოვეთ საკონფერენციო ოთახი და წავედით ჩვენს ოთახში. იქ უკვე მე დავტოვე თამთა და გავედი საპირფარეშოში. იქ დავყავს სულ სამი წუთი, ჩვენი ოთახის გვერდით იყო და როგორც კი მოვბრუნდი თამთა უკევ აღარ დამხვდა.
ამის შემდეგ მე წავედი უკან საკონფერენციო დარბაზისკენ, რომ მომეძებნა თამთა, იქ მეგულებუდა იმიტომ, რომ სწორედ იქ იყო რაღაც ღონისძიებები დაგეგმილი და სწორედ მაშინ გზაზე შემომხდა ხალხი, რომლებიც მორბოდნენ და იყვნენ პანიკაში.
მე მაინც შევედი საკონფერენციო დარბაზში, თამთას ვეძებდი. თამთა არც იქ დამხვდა, ამას მოყვა ხალხის მასიური გადაადგილება ერთი ოთახიდან მეორეში, საშინელი პანიკა იყო, გარედან უკვე ისროდნენ.“
ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა უტეიაზე (Utøya) მოხდა, რომელიც ტიურიფორდის (Tyrifjorden) ტბაში მდებარეობს. უტეია პატარა კუნძულია, სიგრძეში 300, ხოლო სიგანეში 500 მეტრია. უახლოეს ნაპირამდე 600 მეტრია. თავად ტიურიფორდის საშუალო სიღრმე კი 97 მეტრია.
როდესაც ტერორისტმა ბრეივიკმა კუნძულზე მის მიერვე მოფიქრებული კოშმარის განხორციელება დაიწყო, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ კუნძულიდან გაქცევა სწორედ ცურვით სცადა.
ბრეივიკი მათაც ესროდა. ბევრი, ვინც ცურვა არ იცოდა ან გადაცურვა ვერ გარისკა, კლდეებსა და წყალს შორის იმალებოდა, თუმცა თვითმხილველთა თქმით, ბრეივიკი მათაც უსწორდებოდა.
ლიპარტელიანების ოჯახისგან ცნობილი გახდა, რომ თამთამ ცურვა არ იცოდა, თამთას მშობლები დღეს გაემგზავრნენ ოსლოში, რომ ქალიშვილის ძებნის ოპერაციაში უშუალოდ ჩაერთონ. თამთას დედა ლეილა ასათიანი ამბობს:
„ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რაღაცა გავაკეთოთ. უგზო-უკვლოდ მყავს დაკარგული, არვიცი გარდაცვლილია, არვიცი ცოცხალია...რავიცი ჩემს მდგომარეობაში რა უნდა ვთქვა?!
იქ კონსულის დახმარების იმედი მაქვს, ახლობელი მიმყვება, რომელიც დანიის მოქალაქეა. იმედი მაქვს რომ რაღაცას ვიზამ, საავადმყოფოებში ვნახავ.
იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი არ არის გარდაცვლილი. გახიზნულები არიან, შეიძლება ტყეშია ვინმესთან, შეიძლება სადმე არის.
ქვეყანაში, სადაც თურმე პოლიციელი იარაღს არ ატარებს და იარაღის გამოყენების უფლების მისაღებად კიდე ნებართვა სჭირდება, მგონია რომ არც ამის გამოცდილება აქვთ რომ მოიძიონ დაკარგულები.“
ნორვეგიის პოლიციამ გუშინ გაარცელა სია, სადაც თამთა ლიპარტელიანი დაკარგულთა შორის არის მოხსენიებული. ამ სიაში კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანია.
ძიების პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი დიპლომატი ჩართო: დავით კერესელიძე, რომელიც თბილისიდან გაემგზავრა და ნინო ქოჩორაშვილი - საქართველოს კონსული დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში, იგი ოსლოში კოპენჰაგენიდან ჩავიდა.
ნორვეგიაში იმყოფება სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილიც. კონსული ნინო ქოჩორაშვილი ამბობს:
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიურად საძიებო სამუშაოები. დღეს დილიდანაც ძიება ძალიან აქტიურად მიდის, პროცესი ჯერ ოფიციალურად არ არის დასრულებული.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნორვეგიულ მხარესთან, ვეხმარებით გარკვეული მასალების მოძიებაში. ამ ეტაპისთვის სიტუაცია არ არის შეცვლილი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ახალი ინფორმაცია ოფიციალურად გახდება ჩვენთვის ცნობილი.“
32 წლის ტერორისტმა ნორვეგიელმა ანდერს ბრეივიკმა დანაშაული უკვე აღიარა. ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსით, ტერორიზმის გამო მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ბრეივიკისთვის კიდევ ერთი ბრალდების წაყენებას აპირებენ - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას. ამ ბრალდების დადასტურების შემთხვევაში 76 ადამიანის მკვლელი ციხეში 30 წელს გაატარებს.