ეგვიპტელი აქტივისტები თაჰრირის მოედანზე კვლავ იკრიბებიან. ისინი სამხედრო მმართველობისგან ითხოვენ მოიხადოს ბოდიში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში დემონსტრაციის მონაწილე ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. გარდა ამისა, დემონსტრანტები მთავრობას სთხოვენ დადოს პირობა, რომ ძალაუფლების სამოქალაქო მთავრობისთვის გადაცემა დროულად მოხდება.
გასულ კვირას, ქაიროში დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
დღეს გამართულ მიტინგს აქტივისტებმა „ღირსების აღსადგენი პარასკევი“ დაარქვეს.
ეგვიპტეს მოსახლეობა განსაკუთრებით გააღიზიანა აქტივისტების მიერ გავრცელებულმა ვიდეო მასალამ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ცემენ და აშიშვლებენ მომიტინგე ქალებს ეგვიპტელი ჯარისკაცები.