სირიას არაბული ლიგის წევრობის მანდატი შეუჩერდა

სირიას არაბული ლიგის წევრობის მანდატი შეუჩერდა

ლიგის თავმჯდომარემ არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდა სირიიდან ელჩები გამოიწვიონ და ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზეც დაიწყონ ფიქრი.

ქაიროში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე სირიას არაბული ლიგის წევრობის მანდატი შეუჩერეს. გადაწყვეტილების წინააღმდეგ 22 ქვეყნიდან მხოლოდ სამი სახელმწიფო გამოვიდა -სირია, ლიბანი და იემენი. იგი ძალაში იქნება მანამ, სანამ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება მის მიერვე ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არ დაიცავს და სირიაში ოპოზიციასთან სასტიკ ანგარიშსწორებას არ შეწყვეტს.

კატარის პრემიერ მინისტრმა და არაბული ლიგის თავმჯდომარემ, ჰამად ბინ ჟასიმ ალ-თანიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი სირიის ხელისუფლება სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს არ დაიცავს, ლიგა იძულებული გახდება სირიის ოპოზიციური საბჭო ქვეყნის ლეგალურ ხელისუფლებად ცნოს.

შეთანხმების საფუძველზე სირიის მთავრობამ ცენტრალური ქალაქების ქუჩებიდან სამხედრო ძალა უნდა გამოიყვანოს და ოპოზიციასთან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.

ლიგის თავმჯდომარემ არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდა სირიიდან ელჩები გამოიწვიონ და ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზეც დაიწყონ ფიქრი.