მსოფლიოს მოსახლეობამ დაახლოებით შვიდ მილიარდს მიაღწია. კაცობრიობის ზრდის ფონზე სურსათით მომარაგების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ვინაიდან დღეს-დღეობით საკვებ პროდუქტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში აწარმოებენ, სურსათის უსაფრთხოება უდიდეს მნიშვნელობას იძენს, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ფილიპ ალექსიუ.
მწვანე ლობიოს მწარმოებელ ფერმაზე კენიაში ფერმერები საერთაშორისო სოფლის მეურნეობის სტანდარტებს იცავენ. ამით ისინი უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ნაწარმის უსაფრთხოებას არამედ პროდუქტის წარმოშობის დადასტურებასაც ახდენენ. რადგან საკვები პროდუქტები ხშირ შემთხვევაში დიდ მანძილებზე იგზავნება, ნაწარმის წარმოშობას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.
ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში ვაშლის შეძენა ნიშნავს იმას, რომ ხსენებული პროდუქტი ჯერ დასაფასოვებელ ქარხანაში იგზავნება, ფორანში იტვირთება, ირეცხება და შესაბამისად მოწმდება. შემდეგ კი კონვეიერით იგზავნება, ყუთებში იტვირთება და საცალო ვაჭრობისთვის პაკეტებში ნაწილდება. ვაშლები სატვირთო მანქანებით მაღაზიებში იგზავნება და დახლებზე თავსდება.
რაისის ხილის კომპანიში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯერი ლი შოუალთერი აღნიშნავს, რომ ნაწარმზე ეტიკეტი მაგრდება და თუ შემდგომში პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნა, ნაწარმის წარმოშობის დადგენა ადვილი იქნება.
„ეტიკეტზე ნაჩვენებია მწარმოებლის სახელი, ვაშლის სახეობა და მიღების თარიღი,“ აღნიშნა ლი შოუალთერმა.
შეერთებულ შტატებში სასურსათო ნაწარმის გადამუშავების პროცესის დროს ქარხნები და ფაბრიკები ნებაყოფლობით სტანდარტებს იცავენ, რომლებსაც შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მეთვალყურეობას უწევს. მართალია მსოფლიო მასშტაბით საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესება აშკარად შეინიშნება:
„გლობალური მასშტაბით ეფექტური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების ჰარმონიზაციის პროცესი უკვე ორი წლის მანძილზე მიმდინარეობს “- აღნიშნავს ნედლი ნაწარმის გაერთიანებული ასოციაციის წარმომადგენელი რეი გილმერი.
გილმერის თქმით, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ინსპექტორები ერთიან სტანდარტზე თანხმდებიან:
„ ცალკეული მსხვილი ფერმის შემთხვევაში, რომელსაც შესაძლოა ათი სხვადასხვა მყიდველი ჰყავდეს, ფერმამ ათი ერთმანეთისგან განსხვავებული ეფექტური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესი უნდა დააკმაყოფილოს “ - აღნიშნავს გილმერი.
გილმერის თქმით, ამგვარი სტანდარტები ხელსაყრელია, როგორც ფერმერისთვის ისე მომხმარებლისთვის.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული დანახარჯები ყოველ წელს მილიარდობით დოლარს აღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გამოანგარიშებით 2,000 დოლარს აღწევს.