ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისი - კატასტროფა რომელიც ნელა მოძრაობს


ეკონომიკური კრიზისი - კატასტროფა რომელიც ნელა მოძრაობს
ეკონომიკური კრიზისი - კატასტროფა რომელიც ნელა მოძრაობს

17 მილიონი ამერიკელი გამოკვების პრობლემის წინაშე დგას

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის 2010 წლის მონაცემებით, დაახლოებით 17 მილიონი ამერიკელი ადექვატურ საკვებს ვერ იღებს. იგივე ვითარება იყო 2009 წელსაც, თუმცა 2007 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 13 მილიონით არის გაზრდილი. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, ეს ვითარება ეკონომიკის გაუარესების შედეგია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტივ ბარაგონა არკვევდა.

დეივ კრეპჩო ფლორიდაში სასურსათო ბანკს ხელმძღვანელობს, მისი ორგანიზაცია სამხრეთის შტატებში სამნახევარი მილიონი ამერიკელის გამოკვებაზე ზრუნავს. გარდა ამისა, ისინი მოსახლეობის დაპურებაზე სტიქიური უბედურებეbის დროსაც ზრუნავენ. ფლორიდა წელს მართალია ბუნებრივ კატასტროფებს გადაურჩა, თუმცა ეკონომიკური კრიზისთვის თავის დაღწევა ვერ მოახერხა. კრეპჩო ამბობს, რომ ესეც კატასტროფაა, ოღონდ ის ნელა მოძრაობს.

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 10 პროცენტს აღწევს, ფლორიდაში კი თითქმის 12 პროცენტია. კრეპჩო ფიქრობს, რომ ფლორიდისთვის 2004 წელი საკმაოდ რთული პერიოდი იყო. როდესაც მოსახლეობას ოთხი ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს.

„ბოლო ორ წელიწადში ჩვენმა ყოველთვიურმა დისტრიბუციამ გადააჭარბა ქარიშხლის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებას,“ - ამბობს კრეპჩო.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მოხსენებაში ერთი ნათელი წერტილიცაა. იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც საკვების პრობლემაა, გასულ წელს 6,8 მილიონიდან 6.4 მილიონამდე შემცირდა.

როს ფრეიზერი ორგანიზაციის - „გამოკვებე ამერიკა“ წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ გასულ წლებში უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელებმა, საცალო სავაჭრო ქსელებმა და ასევე სურსათის მწარმოებლებმა უდიდესი შეწირულებები გაიღეს. ასევე, მისი თქმით, გასულ წელს ფერმერთა გაერთიანებებმა 270 მილიონ კილოგრამზე მეტი ახალი პროდუქტის შეწირვა მოახერხეს.

„საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელსაც დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ახალი პრუდუქტის განაწილების საშუალება ეძლევა ეს დიდი საჩუქარია,“ - ამბობს ფრეიზერი.

გასულ წელს ფედერალურ პროგრამაში 19 მილიონამდე ოჯახი ჩართეს, რაც 2007 წლის მონაცემებს 12 მილიონით აღემატება. ამასთანავე წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობს რესპუბლიკელები შეადგენენ, მიიღო ბიუჯეტი, რომელშიც ორსული ქალების და ჩვილებისთვის კვების პროგრამა 10 პროცენტით შემცირდება. დევიდ ბექმენი, რომელიც შიმშილის წინააღმდეგ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ამ ნაბიჯს არ ეთანხმება. მისი თქმით, ფედერალური დეფიციტი ისე უნდა შემცირდეს, რომ შიმშილის პირას მყოფი ხალხი კიდევ უფრო არ დაიმშეს. ჯერჯერობით, წარმომადგენელთა პალატის კანონი არ დაუმტკიცებია სენატს, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ. ბექმენი იმედოვნებს, რომ კანონმდებლები ასეთ შემცირებას მხარს არ დაუჭერენ.

XS
SM
MD
LG