უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საფოსტო გზავნილების რაოდენობა ამერიკაში 50 პროცენტით შემცირდა. ფოსტამ მილიარდობით დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა. დაღმავალი ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამერიკის საფოსტო სამსახური აცხადებს, რომ სააგენტო სექტემბრის ბოლოდან პენსიონერთა ჯანდაცვის პროგრამების სუბსიდირებას ვეღარ შესძლებს. ფოსტის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა სენატის სპეციალური კომიტეტისთვის მიემართა, რათა ორგანიზაციას სისტემური რეფორმის გატარების უფლება მიეცეს.
ამერიკაში ბევრად უფრო მეტი ფოსტის შენობაა, ვიდრე მაკდონალდსი, სტარბაქსი და უოლმარტი ერთად აღებული. ეს სამსახური ამერიკის კონსტიტუციაშიც კია ჩაწერილი. ლენროი ლი და მისი მეუღლე, რომლებიც ლოს ანჟელესის გარეუბანში ცხოვრობენ, ფოსტის ყველა თანამშრომელს კარგად იცნობენ, რადგან ეს პატარა ოფისი მათ უბანში რამდენიმე ათეული წელია, რაც ფუნქციონირებს.
ოფისი მალე დაიხურება, ამბობენ ისინი. ფოსტას შენობის შენარჩუნებისთვის შემოსავალი აღარ ჰყოფნის.
მსგავსი ფინანსური პრობლემის წინაშე დღეს ამერიკაში 15 ათასზე მეტი ფოსტის შენობა დგას. მათი უმრავლესობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გაუქმდება. ამერიკის საფოსტო სამსახურის სპიკერი -რიჩარდ მარი- ამბობს, რომ ეს სიტუაცია დრომ მოიტანა. შეიცვალა როგორც კომუნიკაციის, ასევე ბიზნესის წარმოების გზები და მეთოდები.
“წერილის გაგზავნის მაგივრად ინტერნეტს იყენებენ. გადასახადები ინტერნეტზე მოდის და მათ იქვე ელექტრონულად იხდიან“, ამბობს ის.
შარშან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში საფოსტო სამსახურმა რვანახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა. სააგენტოს ანგარიშით წლევანდელი დანაკარგი ყველაზე ცოტა 10 მილიარდი იქნება. ბატონი მარის თქმით ფოსტა რომ ჩვეულებრივი ბიზნესი ყოფილიყო, ის გაკოტრებას დიდი ხნის წინ გამოაცხადებდა და რეორგანიზაციას და რესტრუქტურიზაციას დაიწყებდა. მაგრამ ვინაიდან ის ფედერალური სამთავრობო სააგენტოა, რეფორმა ამერიკის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
ამერიკის საფოსტო სამსახურის მმართველმა - პატრიკ დონაჰიუმ- სენატის სპეციალურ მოსმენებზე რეფორმების მთელი პაკეტი წარმოადგინა. მათ შორის ფოსტის თანამშრომელთა ჯანდაცვის და საპენსიო პროგრამების გარდაქმნა და შაბათის სამსახურის გაუქმებაც იყო.
„ხუთდღიან სამუშაო კვირაზე თუ გადავედით და ბიზნესების და კერძო მოქალაქეების მომსახურება შაბათობით გავაუქმეთ, წლიურად 3 მილიარდ დოლარს დავზოგავთ“ - აცხადებს სპიკერი.
თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის. სამსახურის უფროსი თვლის, რომ 2015 წლამდე 220 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა გაუქმდეს. ამ უკანასკნელმა შეტყობინებამ ფოსტის თანამშრომელთა შორის დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
“20 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა ფოსტაში მუშაობა დავიწყე. ჩემთვის მისწრება იყო ასეთი სამსახური, სახლის ყიდვის საშუალება მომცა, ცოტა ფული გადავინახე კიდეც, რომ ბავშვები კოლეჯში გამეშვა. ახლა კი ეს ცვლილებები რას მოიტანს, არავინ იცის. ალბათ იძულებული ვიქნები სამუშაო დავტოვო. არადა 24 წელიწადზე მეტია აქ ვმუშაობ“ - ამბობს ფოსტის ერთ-ერთი თანამშრომელი.
იმის მიუხედავად კონგრესი რეფორმების გეგმას დაამტკიცებს თუ არა, საფოსტო სამსახურის მისია არ შეიცვლება, ამბობს სააგენტოს სპიკერი. ამერიკის ფოსტა ისევ ძველებურად გააგრძელებს ქვეყანაში ბიზნესების და კერძო მოქალაქეების მომსახურებას.