ნატოს სამიტის მთავარი თემა ავღანეთი იქნება

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ჩიკაგოში კიდევ ერთხელ დადასტურდება ნატოს მიზანი 2014 წელს დატოვოს ავღანეთი.

ავღანეთის პრობლემა ჩიკაგოში 20-21 მაისს დაგეგმილი ნატოს შეხვედრის მთავარი თემა იქნება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ავღანეთში 2003 წლიდან ომობს. ნატო ოფიციალურად ხელმძღვანელობს საერთაშორისო კოალიციის 130 000 კაციან სამხედრო კონტინგენტს.

„აისაფის“ სახელით ცნობილი ინტერნაციონალური ძალების მიზანი ავღანეთის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენაა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და აღმშენებლობის საქმეში.

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ჩიკაგოში კიდევ ერთხელ დადასტურდება ნატოს მიზანი 2014 წელს დატოვოს ავღანეთი, მაგრამ ამავე დროს გააგრძელოს თანამშრომლობა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან.

ოჰაიოს უნივერსიტეტის ესპერტის შონ კეის განცხადებით:

“ ნატოს წევრი სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკას, თუ გადავხედავთ, იგივე საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში, ნათელი გახდება, თუ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. ახლა ნატოსთვის მთავარია ისე მოახერხოს ქვეყნიდან გამოსვლა, რომ ავღანელებმა შეძლონ საკუთარ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება.“

როგორც ამერიკელი ექსპერტი ამბობს:

“ დროის ფაქტორი გადამწყვეტია, რადგან კარზაის და მის მთავრობას კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ სულ მუდამ ამერიკელთა იმედზე ყოფნა არ შეიძლება. მათ თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე.“

ნატოს ამჟამად ახალი თავსატეხი გაუჩნდა, რადგან საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფრანგებს დაპირდა, რომ ამ წლის ბოლომდე გამოიყვანს 3300 ჯარისკაცს ავღანეთიდან. მისი გადარწმუნება კი საკმაოდ რთული საქმე იქნება.

შონ კეის განცხადებით:

“ თუ მოკავშირეებმა ავღანეთიდან თავის დაძვრენაზე დაიწყეს ფიქრი, მარტოდ დარჩენილ შეერთებულ შტატებს გაუჭირდება ამ ტვირთვის ზიდვა, რადგან ეს ამერიკული საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს.“

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტი ჩარლზ კუპჩანი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და რიტორიკულ კითხვებს სვამს:

“ საფრანგეთის ჯარების გასვლის შემთხვევაში, ნატოს მისია ჩაფლავდება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ იქნება თუ არ ეს იმის ნიშანი, რომ კოალიცია ნაუცბათევად ცდილობს ქვეყნიდან გასვლას? სამწუხაროდ კი. ამიტომ ბატონი ოლანდი დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რათა შეარბილოს თავისი პოზიცია.“

ბატონი კუპჩანის განცხადებით:

“ მე ვფიქრობ, რომ ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომპრომისის მიღწევა არ არის გამორიცხული. შესაძლოა ფრანგი ჯარისკაცების რიცხვი შემცირდეს, მაგრამ 2014 წლის ბოლომდე ისინი ამა თუ იმ ფორმით მაინც დარჩნენ ავღანეთში.“

ჩარლზ კუპჩანის მსგავსად, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნატოს გაუჭირდება მარტოდმარტო ავღანეთში სტაბილიზაციის მიღწევა. საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო ქმედითი ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს პრეზიდენტ კარზაის მთავრობას, მაგრამ ინდუსტრიულ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით ეს ნაკლებად მოსალოდნელია.