ავღანეთის ანალიტიკოსთა ქსელის წარმომადგენელს თომას რუტიგს ამერიკის ხმა გერმანიაში დაუკავშირდა:
“დასავლეთის მთავრობებმა ავღანეთთან დაკავშირებით, კონკრეტული მიდგომები უნდა შეიმუშავონ და მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთს დასავლეთი არ მიატოვებს, ისე როგორც ეს საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ მოხდა 1989 წელს“ -ამბობს რუტიგი
ახალ ანგარიშში, რომელიც ნატოს მიდგომას აფასებს ავღანეთში, ევროკავშირის ყოფილი მრჩეველი ბარბარა სთეპლეთონი ამბობს, რომ ავღანეთში გრძელვადიანი მიზნების წარმატებით მისაღწევად, აუცილებელია, რომ ნატოს პოლიტიკა ავღანეთში უფრო მოქნილი იყოს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების სიტუაციაზე კონტროლის გადაცემა ავღანელი ძალებისთვის ქვეყანაში უსაფრთხოების, განვითარებისა და მართველობის სფეროებში შექმნილი სიტუაციიდან უნდა გამომდინარეობდეს.
რუტიგის განცხადებით, ამ ეტაპზე ავღანელი ხალხისა და მთლიანად ქვეყნის მოთხოვნილებები არ წარმართავს სახელმწფოს საგარეო პოლიტიკას.
“ავღანელებისთვის კონტროლის გადაცემის განრიგი მუშავდება უცხოეთში, იმ ქვეყნებში, რომლებმაც ავღანეთში ჯარები გაგზავნეს საბრძოლველად. თუმცა არ ხდება ავღანეთში შექმნილი სიტუაციის და მოვლენების ანალიზი ”- აცხადებს ექსპერტი.
საერთაშორისო ძალები ავღანეთიდან 2014 წლის ბოლოს გავლენ. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებით, ავღანური ძალები უსაფრთხოების სიტუაციას, გეგმის შესაბამისად, გადაიბარებენ და ამის თაობაზე ისინი საქმის კურსში არიან.
კოალიციის ჯარების გაყვანის დეტალური გეგმის შესახებ, ნატოს ლიდერები კვირას, სამიტის მიმდინარეობისას შეათანხმებენ.
რუტიგის მოსაზრებით, დასავლეთმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ავღანეთში ეფექტური, პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებაზე, მითუმეტეს, რომ საფუძველი უკვე არსებობს. ახლა ამ ფუნდამენტის განვითარება და ამოქმედება იქნება საჭირო.
„ავღანეთს უკვე აქვს მეტნაკლებად ნორმალური კონსტიტუცია. არსებული კანონმდებლობის თანახმად, არის პლურალისტური პოლიტიკური გარემოს არსებობის საკანონმდებლო გარანტიები. თუმცა პრობლემა მათ განხორციელებაშია “-გვეუბნება რუტიგი.
ავღანეთის საკითხების ანალიტიკოსი დევიდ ლივინგსტონი ლონდონში დაფუძნებულ ჩათამ ჰაუზსში მოღვაწეობს. მისი განცხადებით, ავღანეთის მთავრობის მიერ გრძელვადიანი სოციალური დაზღვევის პროგრამების განხორციელება, სოფლის მეურნეობისა და ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება ავღანეთის სტაბილურობის წინაპირობა იქნება.
"სწორედ ეს საკითხები უნდა იყოს წარმოადგენდეს პოლიტიკოსთა მიზანს, დამოუკიდებლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. თუ ადექვატურ ყურადღებას არ დაუთმობ არსებულ პრობლემებს, მომავალში ანალოგიური პრობლემების გამეორება რეალურია."
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 27 პროცენტი უჭერს მხარს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებს.