დაპატიმრებულია სეიფ ალ-ისლამ კადაფი, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მეორე ვაჟიშვილი და შვილებში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურა.
ლიბიის არმიის სპიკერის განცხადებით, დღეს დილით მალვაში მყოფი სეიფ ალ-ისლამი თანამოაზრეებთან ერთად სამხრეთის ქალაქ ობარში აიყვანეს. ობარი ნიგერის სახელმწიფოს საზღვართან მდებარეობს. იქ პოლიტიკური თავშესაფარი კადაფის მეორე შვილმა, საად კადაფიმ უკვე მიიღო. ოფიციალური პირების მონაცემებით, სეიფ ალ-ისლამიც ნიგერში გადასვლას ცდილობდა.
ასოშაიტედ პრესის ცნობით, კადაფის დაპატიმრებულ ვაჟიშვილს ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში მალე გადაიყვანენ. ლიბიური სატელევიზიო არხები მისი დაპატიმრების გამო მოზეიმე ხალხს აჩვენებს.
სეიფ ალ-ისლამ კადაფის გასამართლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითხოვს. ლიბიაში საპროტესტო აქციების წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ღონისძიებათა გამო, მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში დებენ ბრალს. საერთაშორისო სასამართლო სეიფ ალ-ისლამთან ნებაყოფლობითი ჩაბარების შესახებ მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობდა.