რას უნდა მოველოდეთ ცხინვალისგან?

ცხინვალში ახდალარჩეული პრეზიდენტის კურსის შესახებ მსჯელობა მისი მომავალი გადაწყვეტილებებიდან გახდება შესაძლებელი.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთს, რვათვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რუსული უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა ლეონიდ თიბილოვმა პრეზიდენტის პოსტი 60 წლის ასაკში დაიკავა.

ერთ–ერთ ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ „კაგებეს“ სკოლამ ბევრი ასწავლა და გამოცდილება, რომელიც ამ უწყებამ შესძინა მისთვის ძალიან ღირებული და გამოსადეგია. თუმცა არავის შეუმჩნეველი არ დარჩენია ის ფაქტი, რომ თიბილოვი საშინლად ღელავდა ინაუგურაციის დროსაც და რუსეთის დუმის სპიკერთან, სერგეი ნარიშვიკთან შეხვედრისას საკუთარ კაბინეტშიც.

„ჩვენ. მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რაც ნაკისრი გვაქვს რუსეთთან მიმართებით. ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, საუკუნოდ ვართ დაკავშირებული რუსეთთან და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის ნების უზრუნველსაზოფად,“– აცხადებდა თიბილოვი.

ძნელია თქმა, რა აღელვებს ასე ახლადარჩეულ პრეზიდენტს. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ თიბილოვის მღელვარების მიზეზი, შესაძლოა იყოს ის მითითებები, რომელთა შესრულება მას მომავალში მოუწევს და რომელნიც, შესაძლოა, მისთვის სასიამოვნოდ განსახორციელებელი სულად არ იყოს.

ამის თაობაზე ალა ჯიოევა, ამჟამად უკვე ოსური ოპოზიციის ლიდერიც საუბრობს. „სხვათაშორის, ჩემს გადაწყვეტილებაზე იმის თაობაზე, რომ „განზე ყოფნა“ ვირჩიე, გავლენა იქონია ერთმა მოსაზრებამ. მე მივხვდი, რომ ყველა კანიდატი არჩევნებზე „დაშვებული“ იყო, რადგან ისინი ხელისუფლებას აწყობდა. ანუ, ისინი ფლობდნენ ისეთ თვისებას, რაც მე არ მქონდა. მოსკოვში არსებობს ყველა კანიდატის ფსიქოპორტრეტი. ხომ ცნობილია მიდგომა:„ნაგავია, მაგრამ ჩვენი ნაგავიაო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვახერხეთ შიშის დაძლევა და ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ახლა მთავარია აღარ დავუშვათ, რომ ის დაბრუნდეს და ეს სულაც არაა დამოკიდებული პრეზიდენტზე. ბოლოს და ბოლოს, უნდა მივხვდეთ, რომ კოკოითი სულაც არ იყო მთელი ჩვენი უბედურების სათავე, არამედ ჩვენ თვითონ ვიყავით. ჩვენ მივეცით მას უფლება მოგვქცეოდა ისე, როგორც გვექცეოდა. ჩვენ თავად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. თუ ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება არ გვინდოდა, რისთვის ვიბრძოდით ოცი წლის მანძილზე? იმისთვის, რომ დღეს ქუჩაში გამოსვლის შეგვშინებოდა?“– ამბობს ჯიოევა ორი დღის წინ მიცემულ ინტერვიუში.

შეიძლება თუ არა, ველოდეთ რაიმე ცვლილებას საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებთან მიმართებით დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახალი პრეზიდენტის პირობებში. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების ალბათობა მინიმალურია, რადგან რუსეთმა ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქცია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პერმანენტულად აკეთებს განცხადებებს მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე კავკასიაში. „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს,“– განაცხადა მან რუსეთი–ნატოს შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც კიდევ ერთხელ მიანიშნა სააკაშვილის „დაუსჯელობის სინდრომზე“. აქვე აღინიშნა, რომ ერთადერთი უთანხმოების საგანს რუსეთსა და აშშ–ს შორის საქართველო წარმოადგენს. კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამგვარი განცხადებები მზადებაა მაისში დაგეგმილი ჩიკაგოს სამიტისთვის, სადაც კიდევ ერთხელ განიხილება საქართველოს საკითხი.

საქართველოს თემას ბოლო ინტერვიუში ჯიოევაც შეეხო და იმ თემებზე ისაუბრა, რაც დღეს ოსურ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. „დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვა, საქართველო კი ცნობილია, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, მაშინ ოსეთის ბედი გადაწყვეტილიაო. ეს ყველაფერი ოსების წინაშე, ხომ დიდი კითხვის ნიშანს ბადებს, რომლებიც რუსეთის მიმართ მუდამ ერთგულნი იყვენენ?.. ვინც საქართველოს ფულს აძლევს, ისინი იმასაც ადევნებენ თვალყურს, რომ ეს თანხა მიზნობრივად გაიხარჯოს. რუსეთი კი არასდროს ინტერესდება, როგორ იხარჯება მისი ფული ჩვენთან. თუ რუსეთს არ გადაუწყვეტია ოსეთის მიცემა საქართველოსთვის, რატომ არ ავლენს პოლიტიკურ ნებას იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეული ცხოვრების პირობები გვქონდეს?“ კითხულობს ჯიოევა.

ცხინვალში ახდალარჩეული პრეზიდენტის კურსის შესახებ მსჯელობა, მისი მომავალი გადაწყვეტილებებიდან გახდება შესაძლებელი.