ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის საგარეო ორიენტაცია


მანამ, სანამ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს აირჩევდნენ, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი კი საავადმყოფოში იყო დაპატიმრებული, არაერთხელ გაიჟღერა მიმართვებმა საერთაშორისო ორგანიზაციების, უმეტესწილად ევროკავშირის მიმართ. ხელისუფლებისგან შევიწროვებული ოპოზიცია ცხინვალში აცხადებდა, რომ ისინი ერთადერთ ხსნას დასავლური სტუქტურებისადმი ხმის მიწვდენაში და მათი მხრიდან რეაგირებაში ხედავდნენ. ოსეთისთვის რომ აუცილებელი იყო ევროპასთან კავშირი, ამას ამბობდა სოსლან კოკოევი, ოპოზიციური საიტის დამფუძნებელი. მან ეს სიტყვები ერთ–ერთ ინტერვიუში წარმოთქვა, რის შემდეგაც დააპატიმრეს. იგი დღემდე იხდის სასჯელს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ვლადიკავკაზის ციხეში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა ასევე ალა ჯიოევაც, გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი. მთელი თვის მანძილზე მას შეიარაღებული დაცვა საშუალებას არ აძლევდა საავადმყოფო დაეტოვებინა. იგი მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როდესაც ჩათვალეს, რომ ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი შესაძლოა ვიცე–პრემიერის პოსტზე მოგვევლინოს დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში, რომელიც სოციალურ სფეროს, კულტურასა და მედიცინას გაუწევს კურირებას. მის ყოფილ თანაგუნდელს, მოგვიანებით რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის, თიბილოვის გუნდში გადავიდა, ანატოლი ბარანკევიჩს კი მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას სთავაზობენ. როგორც ჩანს, ამჟამინდელ პრეზიდენტს საყოველთაო მორიგების კურსი აქვს არჩეული. მას სურს უკმაყოფილო არავინ დატოვოს არც იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ნოემბერ–დეკემბერში აქციები უზრუნველყვეს და მაინცდამაინც სიმკაცრე არც კოკოითის თანაგუნდელების მიმართ გამოიჩინოს. მაგალითად, ექს–პრეზიდენტს, კოკოითის შესაძლებლობა მიეცა 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიელოცა თანამემამულეებისათვის, მათ შორის, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ინტერნეტსაიტებიდან. აქვე გამოჩნდა ასევე მისი მილოცვა პუტინისადმი, პრეზიდენტის პოსტზე არჩევის გამო. თიბილოვი ჯიოევას გუნდიდან არც სხვებს ტოვს უყურადღებოდ. მაგალითად, მან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტი ჯემალ ჯიგკაევს შესთავაზა. მართალია, ამ ადამიანების პასუხები ჯერ კიდევ არაა ცნობილი და ჯიოევაც ფიქრობს დათანხმდეს თუ არა ამ მაცდურ წინადადებას, მაგრამ სამაგიეროდ, გაურკვეველი არაფერია იმაში, რომ 14 მაისისთვის დე–ფაქტო პარლამენტმა პრემიერის კანდიდატურა უკვე უნდა დაამტკიცოს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი არ მოელის რაიმე ცვლილებას დე–ფაქტო ადმინისტრაციის მსოფლმხედველობაში და მიიჩნევს, რომ თიბილოვმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, ამდენად, მისთვის არახელსაყრელია პროდასავლური ორიენტირების მქონე იმიჯის მორგება, რაც რუსეთს გაანაწყენებს. გოგი ხუციშვილის აზრით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ოპოზიციაც, რადგან თუ მათ სურთ ადგილობრივ პოლიტიკაში ჩაბმა, უნდა გათვალონ ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯების გადადგმა.

ორი დღის წინ ცხინვალში ჩასული ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები, რომლებსაც ჟენევის დისკუსიის ფორმატი უნდა შეეთანხმებინათ, ბორის ჩოჩიევმა, დე–ფაქტო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა საყვედურებით აავსო. მან ელჩებს განუცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნლები ტექსტებს თბილისში არ უნდა ათანხმებდნენ. თიბილოვმა კი დასძინა, რომ თუ არ იმუშავებენ ცეცხლის გაუხსნელობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე, იგი მოლაპარაკებების საჭიროებას ეჭვქვეშ დააყენებს.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ცხინვალში მხოლოდ წითელი ჯვარი მუშაობს.

XS
SM
MD
LG