ბატონო სტივ, როგორ აფასებთ საქართველოს დემოკრატიას?
ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ჩემი აზრით, ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება. რა თქმა უნდა, უამრავი სირთულე არსებობს, მაგრამ პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში საქართველო ყველაზე დემოკრატიულია - გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა. საქართველოში ბევრი პრობლემა არსებობს დემოკრატიასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ბევრი პრობლემაა შეერთებულ შტატებშიც. ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება დემოკრატიის დასახვეწად.
რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები?
სამართლიანი არჩევნები ნიშნავს წინარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვას. არჩევნების სამართლიანობას მხოლოდ ხმების დათვლა არ განსაზღვრავს. არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, რამდენად მიუწვდება ოპოზიციას ხელი მედიაზე, როგორ ხდება წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსება, რა ხდება რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და ხელისუფლება უნდა ეცადოს რაც შეიძლება თანასწორუფლებიანი გარემო შექმნას არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტიისთვის. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც სხვათა შორის 'ფრიდომ ჰაუსის' ანგარიშშიცაა განხილული, არის ის რომ მას-მედია დომინირებულია მმართველი პარტის მიერ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ხელისუფლება ასე ახლოს არ იყოს დაკავშირებული მედია საშუალებებთან. მედიის კონტროლი მმართველ პარტიას უდიდეს უპირატესობას აძლევს. მათ ასევე აქვთ დიდძალი ფინანსური რესურსი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ აქამდე. ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა, შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშნვილი გამოჩნდა. ის ძალიან მდიდარია და აპირებს ოპოზიციისთვის ფინანსური რესურსის გაღებას.
თქვენი აზრით, ივანიშვილი გამოჩენა საარჩევნო პროცესისი დინამიკას შეცვლის?
ჩემი აზრით ეს ცვლილება უკვე მოხდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილს და მის პარტიას მოგების კარგი შანსი აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ივანიშვილს მოსახლეობის 20-25 პროცენტი უჭერს მხარს, მართველ პარტიას კი დაახლოებით 60. ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გაკაკეთებელი. მათ უნდა შეძლონ რაც შეიძლება ხილვადები გახდნენ მთელი ქვეყნის მასშტბით. ეს რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას მოქმედებების მოდიფიცირებას აიძულებს. თუ ნაციონალური მოძრაობა ჩათვლის, რომ ნამდვილი ოპოზიცია ჰყავთ, ეცდებიან რომ არჩევნებს უფრო სერიოზულად მიუდგნენ.
თქვენი აზრით, მოიქცევა თუ არა მმართველი პარტია განსხვავებულად ამ არჩევნებზე? ნაციონალურ მოძრაობას არაერთი არჩევნები აქვს მოგებული და შემუშავებული აქვს გარკვეული სტრატეგია. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეიძლება ველოდეთ მათი საარჩევნო პოლიტიკის შეცვლას?
განსხვავებულად რამდენიმე რამ შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში ის, რომ სააკაშვილი მოსახლეობას ყველაზე თავისუფალი არჩევნების გამართვას დაჰპირდა. ის ყოველ არჩევნებზე აკეთებს მსგავს განცხადებებს, მაგრამ არსებულ კონტექსტში ამ განცხადების ახლა გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ ყველაფერი უდა გააკეთოს იმისთვის, რომ გულახდილობა და სამართლიანობა შეინარჩუნოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნატოში და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სურს გაწევრიანება. ეს მთავრობაზე ერთი სახის ზეწოლაა, რომელმაც შეიძლება დადებითი შედეგი გამოიღოს. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ იმდენად გაძლიერდა, რომ მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა, შეიძლება ხელისუფლება გააქტიურდეს და ისეთი ზომები მიიღოს, რომლებიც დემოკრატიის შეზღუდვას გამოიწვევს.
ამერიკა რა როლს თამაშობს სავარაუდო სცენარების განვითარებაში?
ჩემი აზრით, ამერიკის როლი ძალიან შეზღუდულია. შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ზეწოლის გახორციელება იმისთვის, რომ მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდოს. და ამას ამერიკა ყოველთვის აკეთებს. ამ ზეწოლის მიუხედავად, მოგეხსენებათ, არჩევნები ყოველთვის დემოკრატიულად არ ტარდება. ასეთმა შემთხვევებმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ჩემი აზრით, ვაშინგტონი გააგრძელებს მსგავს მოთხოვნებს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებამ იგრძნო, რომ ძალაუფლებას კარგავს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ამერიკაში აკადემიკურ წრეებში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ ვაშინგტონში იციან, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს. თქვენ რას ფიქრობთ, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ჩემი აზრით, ეს უკიდურესად მარტივი მიიდგომაა ამ საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა მეთოდით ცდილობდეს, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს დამოუკიდებელი პროცესები, რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს. ეს პროცესები ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. მაგალითად, ამომრჩეველი დღეს უფრო განათლებულია, ვიდრე წლების წინ. გარდა ამისა, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ხალხს უფრო ადვილად შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაცვლა. იმისი თქმა, რომ საქართველო დემოკრატია არ არის ძალიან მშრალი მიდგომა იქნება და ეს მხოლოდ ინსტიტუციონალური შეხედულებაა, რომელიც საზოგადოებრივი ყოფის ბევრ ელემენტს არ მოიცავს.
რა უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს?
პირველ რიგში ხელისუფლებამ მედიის კონტროლი უნდა შეამციროს. მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. ასევე, უნდა შემცირდეს ან შეწყდეს ოპოზიციის დემონიზაცია და შეურაცხყოფა. მაგალითად, სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს იცავს. მან ასევე არაერთ ოპოზიციონერს მოღალატე უწოდა. სწორედ ასეთი განცხადებებით ხდება ოპოზიციის დემონიზება. ანუ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციაზე საუბრისას, ისტერიული ტონისა და მეტყველების სტილის მოხსნა.
ოპოზიციამაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს დემოკრატიულ პროცესში და თავადაც შეამციროს აგრესიული რიტორიკა. სამწუხაროდ, ახლა მხარეებს შორის „პოლარიზებული ყვირილის მატჩი“ მიმდინარეობს და არ მგონია, ეს მალე დასრულდეს. ოპოზიციამ ასევე უნდა შეიმუშავოს ეფექტური პროგრამა იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს უკვე დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს. არ ვიცით რა პოლიტიკა ექნება ოპოზიციას და ეს პრობლემაა. მაგალითად ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ქვეყანაში სამართლიან სასამართლოს შექმნის. ეს არ არის პრაქტიკული მიდგომა. ასეთი განცხადების გაკეთებისას, წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული გეგმა. ამას კი ოპოზიციის მხრიდან ჯერ ვერ ვხედავთ.
პროფესორი სტივენ ჯონსი მაუნტ ჰოლიოკის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ წიგნი დაწერა, სახელწოდებით "საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ"