ირანს პირველი ატომური ელექტრო სადგური რუსეთმა აუშენა. შემდეგ კი პირობა დაარღვია და ირანს სადგურის დასაცავად ანტი-საჰაერო ქობინები არ მიჰყიდა. პიოტრ ტოპიჩანოვი კარნეგის მოსკოვის ცენტრში ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტია. ის აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს, მისმა სამხრეთელმა მეზობელმა ბირთვული იარაღი შეიმუშავოს:
„ირანის მიერ ბირთბული ბომბის შექმნა რუსეთის ინტერესებში არ შედის.“
თუმცა, კრემლი არც ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეთანხმება. ამასთან, კრემლი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ ნაგებობებზე, მათი მწყობრიდან გამოყვანის ან განადგურების მიზნით, სამხედრო იერიშის მიტანას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის თქმით:
„შედეგები უკიდურესად მძიმე იქნება და მათზე თავის გართმევა არავისთვის იქნება ადვილი. ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და არცერთმა ჩვენგანმა იცის, თუ როგორ გაგრძელდება და სად დამთავრდება ეს რეაქცია.“
ლავროვი ასევე აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო ევროპისა და აზიისთვისაც საზიანო იქნება:
„სანქციებს არაფერია აქვს საერთო ბირთვულ გაუვრცელებლობასთან. მათი დანიშნულება ირანის ეკონომიკის დასუსტებაა. ეს უკანასკნელი კი მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოწვევასა და არეულობის პროვოცირებას ისახავს მიზნად.“
ლავროვის თქმით, ირანის ეკონომიკის დასუსტება ან ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაცია თეირანის წინააღმდეგ, რუსეთში ირანელი ლტოლვილების დიდი რაოდენობით შედინებას გამოიწვევს.
რუსეთს ასევე აღელვებს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ანტი-ირანულ კოალიციას შეუერთდება, თეირანმა შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალი ისლამისტების დაფინანსება დაიწყოს.
ევგენი სატანოვსკი ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტია. მისი თქმით:
„ჩვენ დაღესტანში სამხრეთ ლიბანის მსგავსი ვითარების შექმნა არ გვჭირდება. ირანელებთან რუსეთის ურთიერთობა ძალიან მარტივია - თუ რუსეთი ირანის წინააღმდეგ წავა, ირანი ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებს.“
ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი შიშობს, რომ თუ ირანმა ბირთვული იარაღი შეიმუშავა, ეს რეგიონში გამალებული ბირთვული შეიარაღების დაწყებას გამოიწვევს.
„თუ ირანმა ბირთვული ბომბი შეიმუშავა - ანუ თუ ყველა დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ირანს ბომბი ნამდვილად აქვს - რეგიონში ვისაც საკუთარი უსაფრთხოების გამყარება სურს, ყველა ეცდება ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ეს კი მინიმუმ სამ ქვეყანას თურქეთს, საუდის არაბეთსა და საამიროებს მოიცავს.“
რუსეთს ირანზე პოლიტიკური გავლენისთვის საჭირო ბერკეტები არ აქვს. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა საკმაოდ მცირეა. გარდა ამისა, რუსეთის ჯარი საბჭოთა არმისიის მხოლოდ აჩრდილია. პიოტრ ტოპიჩანოვის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ „რუსეთი ისრაელისა და ამერიკის მიერ ირანზე შესაძლო სამხედრო თავდასხმას ვერ შეაჩერებს. რუსეთს ამჟამად არ შესწევს უნარი გავლენა იქონიოს ამ პროცესებზე.“
ტოპოჩანოვის თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც დღეს რუსეთს შეუძლია, გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდე რეზოლუციებს ვეტოს დაადოს.