ოპოზიცია ცხინვალში ახალ ფრონტის ხაზს ხსნის

ოპოზიცია ცხინვალში ახალ ფრონტის ხაზს ხსნის

ჩნდება ახალი ცნობაც, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსური ოპოზიციის ლიდერი, ჯამბოლათ თედეევი, რომელიც ამ დრომდე ემიგრაციაში იმყოფება, აპირებს არჩენებში მონაწილეობის მიღებას.

დაპირებული ოპოზიციური მიტინგი ცხინვალში გუშინ მართლაც შედგა. საახალწლო ეიფორიის შემდეგ ცხინვალში ეს ოპოზიციის პირეველი მასობრივი აქტივობაა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ეს პრობლემად რჩება. ვერ მოხერხდა ტრიბუნის ორგანიზება, ამიტომ ჯიოევამ მიტინგზე შეკრებილ ორასამდე ადამიანს პირდაპირ საკუთარი შტაბის მეორე სართულის ფანჯრიდან მიმართა. ძირითადი მესიჯი ის იყო, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ელოდებიან 23 იანვრის დადგომას. ჯიოევას ულტიმატუმის თანახმად, ამ დრომდე უნდა გადასცეს ხელისუფლება დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.

„პატიმცემულო ვადიმ ვლადიმიროვიჩ, მე მოგმართეთ 19 იანვარს იმ ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, რაც პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ითვალისწინებდა, რომელიც გასული წლის ნოემბრეში შეიქმნა არჩევნების შედეგად და ეს მომართვა რეაგირების გარეშე დარჩა. გაყენებთ საქმის კურსში, რომ ამ მომენტიდან მე უკან ვიწვევ საკუთარ ხელმოწერას ზემოხსენებულ დოკუმენტზე და მოვითხოვ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფას ხელისუფლების გადაცემისთვის კანონიერად არჩეული პრეზიდენტისთვის. უარი ამ წინადადებაზე შეფასდება, როგორც ხელისუფლების უკანონო უზურპაცია. გთხოვთ, 23 იანვრამდე მაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება. რა მტკიცებულელები მაქვს ხელთ როდესაც ამას ვაცხადებ? ესაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია: აღიარებულ იქნას კანონიერ პრეზიდენტად ალა ჯიოევა. თუ კანონიერ ჩარჩოში დარჩენა გვინდოდა, ერთადერთი, რის უფლებაც შეიძლეოდა მიეცა საკუთარი თავისთვის ბატონ ბიჩენოვს, უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეს, ეს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების დაუქმება. მაგრამ მას ხომ ეს არ გაუკეთებია? თუ ვინემე დაარღვია კანონი, ეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბიჩენოვია,“– განაცხადა ჯიოევამ გუშინდელ მიტინგზე ცხინვალში.

თუ ბროვცევი უარს იტყვის ჯიოევას წინადადებაზე და მას ხელისუფლებას არ გადასცემს, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერი აპირებს ინაუგურაციის თარიღი თავად გამოაცხადოს და ცერემონიალიც გამართოს.

ჩნდება ახალი ცნობაც, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსური ოპოზიციის ლიდერი, ჯამბოლათ თედეევი, რომელიც ამ დრომდე ემიგრაციაში იმყოფება, აპირებს არჩენებში მონაწილეობის მიღებას. ამას რუსული საინფორმაციო საშუალებები ახმოვანებენ. ცხინვალში პოლიტიკური აქტივობის ტალღის აგორება სწორედ თედეევის პერსონას უკავშირდება. იგი რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელიც ექს–პრეზიდენტის, კოკოითის ჯერ დაახლოვებული პირი იყო, შემდეგ კი მისი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. გასული წლის ბოლოს დაგეგმილ არჩენებში მან ჯენჭისყრა გადაწყვიტა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად დარეგისტრირებაზე მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა. თედეევი თავიდანვე ეჭვს გამოთქვამდა, რომ კოკოითი მაქსიმალურად ეცდებოდა მის ჩამოცილებას და აიძულებდა ცხინვალის დატოვებას. რამდენიმედღიანი წინააღმდეგობის შემდეგ ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა თედეევმა მოახერხა პოლიტიკური მემკვიდრის დატოვება ჯიოევას სახით, რომელმაც საკმაოდ მედგარი წინააღმდეგობის უნარი გამოავლინა და ცხინვალისთვის უჩვეულო პოლიტიკური წინააღმდეგობების პრეცედენტები შექმნა.

დაარეგისტრირებს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისია ცხინვალში საპრეზიდენტო კანიდატად თედეევს? ეს დილემა არც ისე იოლი გადასაწყვეტია. დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიის განცხადება, რომელიც ცენტრალურ საარჩენო კომისიას მოუწოდებს არ შეცვალოს გადაწყვეტილება კანდიდატების დარეგისტრირების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. „თუ ცეესკოს განსხვავებული მიდგომები ექნება კანდიდატების რეგისტრაციის წესის შესახებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ერთი საკითხის თაობაზე ექნება ორგვარი გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ერთია კანონიერი და ან მეორე. გასაკრვევი იქნება მხოლოდ ის, თუ როდის მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება“, ნათქვამია სახალხო პარტიის განცხადებაში, რომელიც თავის მხრივ, საპარლამენტო პარტიას წარმოადგენს.

ჯამბოლათ თედეევი ერთ–ერთი რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებისთვის ორი დღის წინ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. „იმედი მაქვს, ამჯერად მიიღებს ჩემს განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ცხინვალში. ჩემი დარეგისტრირების წინააღმდეგი კოკოითი იყო. ახლა ხომ ის აღარაა ხელისუფლებაში, ამიტომ ვფიქრობ, ცეესკო ახლა უფრო დამოუკიდებელია“,– ამბობს თედეევი. ამასთან იგი ჯერ არ აპირებს სპორტისთვის თავის დანებებას და დაგეგმილი აქვს დასწრება ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც ბელგრადში მარტშია დაგეგმილი, ცხინვალის არჩევნებამდე, დაახლოებით ორი კვირით ადრე.

ჯიოევა 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, მისი აზრით, პრეზიდენტი ხალხმა უკვე აირჩია და გასარკვევიც აღარაფერია. თუმცა მან ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტს შეხვედრა ერთი საინტერესო მოტივით მაინც სთხოვა. ჯიოევას განცხადებაში თეიმურაზ მამსუროვისადმი ნათქვამია, რომ გასულ წელს ნოერმბერში გამართული არჩევნების დროს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს არ მიეცა მოქალაქეობრივი ვალის მოხდის საშუალება. ჯიოევა მამსუროვს ერთობლივად სთხოვს ამ საკითხის განხილვას.

ჯიოევას შტაბი, როგორც ჩანს ფრონტის გახსნას ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ყველა შესაძლო მიმართულებით შეეცდება.