ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებები შევა

ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებები შევა

ევროზონის 17 სახელმწიფო დაეთანხმა საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წამოყენებულ გეგმას.

ბრუსელში ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრაზე, გაერთიანების სახელმწიფოების უმრავლესობა შეთანხმდა ცვლილებები შევიდეს ევროკავშირის ხელშეკრულებებში, რომლებიც დამატებით საბიუჯეტო დისციპლინას და სხვა გამკაცრებულ ფისკალურ ზომებს ითვალისწინებს კონტინენტის ვალის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

ევროზონის 17 სახელმწიფო დაეთანხმა საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წამოყენებულ გეგმას. უკმაყოფილება დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და უნგრეთმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინსა და პარიზს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ბიუჯეტზე ცენტრალიზირებული ზედამხედველობის დაწესება სურთ. ამას გარდა, ცვლილებების შედეგად, დაწესდება საერთო კორპორატიული გადასახადი და ფინანსური ანგარიშგების ახალი ტარიფი.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ შესწორებების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ახალი დებულებების თანახმად, ყველა ჩვენგანი პირობას დებს, რომ საერთო ევროპულ, მკაცრ ფისკალურ კანონებს დაიცავს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შესწორებებს თავიანთ კონსტიტუციაში ასახავენ და იმავდროულად, გაამკაცრებენ საბიუჯეტო ნორმების დარღვევების კონტროლს. ჩვენი შეთანხმების თანახმად, წევრი ქვეყნები ბიუჯეტის პროექტს სპეციალურ კომისიას გააცნობენ.“

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი თავის მხრივ აღიარა, რომ გაუცრუვდა იმედი, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ამ ახალ შეთანხმებაზე დაეყოლიებინა.

ბატონი სარკოზის განცხადებით, საფრანგეთი და გერმანია 27 წევრი ქვეყნის დაყოლიებას ლამობდა ახალი შეთანხმების დასამტკიცებლად, თუმცა ეს არ მოხერხდა დიდი ბრიტანეთის დაპირისპირების გამო.

შესაბამისად, ახალი გეგმა 17 წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება მიღებული. დიდი ბრიტანეთის გარდა, შეთანხმებას უნგრეთი ეწინააღმდეგება. შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა კი ჯერჯერობით თავს იკავებს.