სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს იმის შესახებ, რომ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების რატიფიცირებას მოახდენს. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სომხეთი კიდევ ერთი ქვეყანა გახდება, რომელიც იღებს ვალდებულებას აღასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც.
ხაჩატურიანის გადაწყვეტილების შესახებ ცნობა პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაჩატურიანმა 1998 წლის 17 ივლისს დამტკიცებული რომის წესდების რატიფიკაციას ხელი მოაწერა და ქვეყანა აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას მის საზღვრებში.
საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (ასევე ცნობილი, როგორც რომის სტატუტი) არის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაფუძნდა. მისი რატიფიცირება მისი გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას ნიშნავს.
3 ოქტომბერს 60-მა კანონმდებელმა სომხეთში, ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირეს. მის წინააღმდეგ ხმა 22-მა კანონმდებელმა მისცა.
ასევე ნახეთ: ყარაბაღის თემაზე ჰააგის სასამართლოში იმსჯელებენკრემლმა გასულ თვეში თქვა, რომ სომხეთის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვთან უთანხმოებას კიდევ უფრო გააღრმავებდა. მოსკოვის შეფასებით, პარლამენტის მიერ ამ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება "უკიდურესად მტრულ და არასწორ" ნაბიჯად იქნებოდა აღქმული რუსეთის მხრიდან.
სისხლის სამართლის საერთააშორისო სასამართლომ მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საკითხების კომისარის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის როლი იყო, რაც მათ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში ჰქონდათ შესრულებული.
სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ რომის წესდების რატიფიცირება იმას ნიშნავს, რომ თუკი პუტინი სომხეთში ჩავა, ერევანმა შესაძლოა ის სასამართლოს ორდერის თანახმად დააკავოს. ოფიციალური ერევანი კი ამბობს, რომ წესდების რატიფიცირება მას მეზობელ აზერბაიჯანთან მიმდინარე კონფლიქტის და მასთან დაკავშირებული შეშფოთების საფუძველზე სჭირდებოდა.
სომხეთი წლების განმავლობაში საკუთარი უსაფრთხოების უმთავრეს გარანტორად სწორედ რუსეთს მიიჩნევდა. თუმცა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაციის შედეგად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა, ერევანი რუსეთს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა იქ თავიანთი მისია არ შეასრულეს.