ოთხშაბათს სომხეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა მომავალ კვირაში შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლოს. რუსეთმა საპასუხოდ თქვა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შეშფოთების მიზეზია.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 11-20 სექტემბერს “Eagle Partner 2023” წვრთნის დანიშნულებაა, მისი ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოამზადოს.
აშშ-ის სამხედრო უწყების პრეს-მდივანმა თქვა, რომ წვრთნაში 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი იქნება ჩართული. ამერიკელები, მათ შორის კანზასის ეროვნული გვარდიის წევრები, რომელსაც წვრთნის კუთხით სომხეთთან 20 წლის პარტნიორობა აქვს, წვრთნებში მსუბუქ შეიარაღებას გამოიყენებენ და არა მძიმე ტექნიკას.
წვრთნების მცირე მასშტაბის მიუხედავად, კრემლმა განაცხადა, რომ მას ყურადღებით დააკვირდება.
ასევე ნახეთ: კრემლი ფაშინიანს პასუხობსრუსეთს სომხეთში, გიუმრიში, სამხედრო ბაზა აქვს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დამასრულებელი 2020 წლის შეთანხმების დასაცავად, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალები ჰყავს განლაგებული.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა იტალიური გაზეთისთვის უქმეებზე მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა სომხეთი ვერ დაიცვა - როგორც თვითონ უწოდა - აზერბაიჯანისგან მომდინარე უწყვეტი აგრესიისგან. მან აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში ომი ნიშნავს იმას, რომ რუსეთს სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილება არ შეუძლია.
კრემლის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ფაშინიანის კომენტარს არ დაეთანხმა და განაცხადა: „რუსეთი აბსოლუტურად ამ რეგიონის შემადგენელი ნაწილია, ამ რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის საქმეში რუსეთი თანმიმდევრულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს... და ამ როლის თამაშს გააგრძელებს.“