მთიან ყარაბაღში, დღეს ცეცხლის შეწყვეტის მესამე შეთანხმება დაირღვა. მას ორ ქვეყანას შორის განახლებული ოთხკვირიანი დაპირისპირება უნდა დაესრულებინა.
სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს აბრალებენ შეერთებული შტატების შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების დარღვევას. ის ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე უნდა შესულიყო, თუმცა ძალიან მალე ცეცხლი მხარეებს შორის ისევ განახლდა.
ასევე ნახეთ: პომპეო ვაშინგტონში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდააზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ ერევანმა შეთანხმება "უხეშად დაარღვია" და რეგიონის სოფლები დაბომბა. სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონიანიც მსგავსი სიტყვებით ამბობს, რომ ცეცხლი ბაქომ გახსნა და ამით მიღწეული შეთანხმება "უხეშად დაარღვია".
ინფორმაცია ახალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობებმა, კვირას გაკეთებულ განცხადებაში გაავრცელეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორივე ქვეყნის ლიდერებს "ტვიტერით" მიულოცა და თქვა, რომ ამით "ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება".
კვირასვე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ "ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ", მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე და შეთანხმების პირობების დაცვაზე მოილაპარაკეს. ის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს პარასკევს ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა.