25 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 24 ოქტომბერს ვაშინგტონში შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სტივენ ბიგანს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ შეასრულებენ და ერთგული დარჩებიან 10 ოქტომბერს, მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების. ამ შეთანხმებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი 17 ოქტომბერს, პარიზში გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტებმა მაკრონმა, ტრამპმა და პუტინმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადებით, განახლებული ჰუმანიტარული ზავი ძალაში შევა 26 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით ღამის 12 საათზე, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ," ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონში ყოფნისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსაც შეხვდნენ, რომელთაც დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, გადადგან ნაბიჯები მოსკოვის 10 ოქტომბრის სამშვიდობო შეთანხმების შესასრულებლად. ამავე საკითხზე მინსკის ჯგუფმა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც დაზუსტებულია, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ცოტა ხნის წინ, ამ მოვლენას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც სომეხ და აზერბაიჯანელ ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება მიულოცა.
"მრავალი სიცოცხლე გადარჩება," თქვა მან. პრეზიდეტმა აქვე დასძინა, რომ ამაყობს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, მისი მოადგილე სტივენ ბიგანის, თეთრი სახლისა და უშიშროების საბჭოს გუნდური მუშაობით ამ საკითხის გადასაწყვეტად.
Facebook Forum