ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მოლაპარაკებების წინ, ბაქო კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულეს


საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფმა “ჰუმან რაითს ვოჩი”, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დასახლებულ ადგილებში აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის “არაერთხელ” გამოყენებაში დასდო ბრალი.

23 ოქტომბერს “ჰუმან რაითს ვოჩმა”, “ადგილზე ჩატარებული გამოძიების” საფუძველზე, ოთხი ასეთი ინციდენტის შესახებ გამოაცხადა.

აკრძალული იარაღის გამოყენებაში ბაქოს წინააღმდეგ წაყენებული ბოლო ბრალდება გაჟღერდა იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცალკევებულ შეხვედრებამდე სულ რამდენიმე საათი რჩებოდა.

ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებებმა შესაძლოა ბრძოლა ჩააცხროს, 22 სექტემბრისთვის ფერმკრთალად გამოიყურებოდა. მხარეები ახალ ბრძოლებში ჩაერთნენ, ბაქოსა ერევანში კი ლიდერებმა თავისი პოზიციები გაამკაცრეს, მიუხედავად რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ორი შეთანხმებისა, რომელიც დადებიდან სწრაფადვე დაირღვა.

კასეტური საბრძოლო მასალა, ფართო ტერიტორიაზე გაუთვალისწინებელი შედეგების გამო აკრძალულია. მისი აუფეთქებელი ნაწილები კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საფრთხის შემცველია. ასეთი საბრძოლო მასალა შეიძლება საჰაერო დაბომბვის ან ხმელეთიდან სროლის დროს გამოიყენონ.

აზერბაიჯანიც და სომხეთიც უარყოფდნენ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტს და ამაში მეორე მხარეს ადანაშაულებდნენ.

“ჰუმან რაითს ვოჩმა” განაცხადა, რომ აზერბაიჯანის განცხადება, სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ არ დაუდასტურებია.

ორივე მხარე ასევე უარყოფდა სამოქალაქო მოსახლების მიზანში ამოღებას, მაგრამ უფლებადამცველი ჯგუფები მათ აფრთხილებდნენ, რომ აკრძალული საბრძოლო მასალა არ გამოეყენებინათ.

ლონდონში დაფუძნებულმა “საერთაშორისო ამნისტიამ” 5 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მისმა ექსპერტებმაც დაადგინეს კასეტური საბრძოლო მასალა. ის, როგორც ჩანდა, აზერბაიჯანიც ძალებმა კონფლიქტის გამწვავების პირველ დღეებში სტეპანაკერტის საცხოვრებელ უბნებს დაუშინეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG